პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესონი დასახელდნენ
ინგლისის პრემიერლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს.
თვის საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თებერვალში ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, გაიტანა 12 და მიიღო 1 გოლი: “ქალაქელებმა” ლონდონის “არსენალი” (3:1), “ევერტონი” (2:0), “ჩელსი” (6:0) და “ვესტ ჰემ იუნაიტედი” (1:0) დაამარცხეს.
თვის საუკეთესო მოთამაშედ “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დასახელდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა თებერვლის შეხვედრებში შვიდი გოლი მიითვალა. აგუერომ “არსენალისა” და “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩებში ჰეთთრიკი შეასრულა, “ვესტ ჰემთან” შეხვედრაში კი ერთადერთი გოლი მიითვალა.
ამ წარმატებული სვლის წყალობით “მანჩესტერ სიტიმ” სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე “ლივერპულს” ერთი ქულით უსწრებს.