“იუვენტუსმა” რონალდუს ჰეთთრიკით “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. იტალიაში ჩატარებული შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და შეიძლება ითქვას, რომ “ბებერმა სინიორამ” პროგრამა მინიმუმი შეასრულა. მართალია, გუნდმა სწრაფი გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ფედერიკო ბერნარდესკის ჩაწოდებულს თავი კრიშტიანუ რონალდუმ შეაგება და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმი იტალიელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტშივე მასპინძლებმა მეორე ბურთიც გაიტანეს: მარჯვენა ფლანგიდან კანსელუმ ჩამოაწოდა, რასაც რონალდუ ისევ თავური დარტყმით გამოეხმაურა, იან ობლაკმა “მკვდარი ბურთი” მოიგერია, თუმცა კარის აღების ავტომატურმა ფიქსატორმა ხაზის გადაკვეთა დააფიქსირა – 2:0 და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. მატჩის ბოლოს შეცვლაზე შემოსულმა ანხელ კორეამ საკუთარ საჯარიმოში ბერნარდესკის წინააღმდეგ იუხეშა და “ატლეტიკოს” კარის მიმარტულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“იუვენტუსი” — “ატლეტიკო” 3:0 (1:0) (ორი მატჩის ჯამში 3:2)
გოლები: რონალდუ 27′, 48′, 86′ (პენ).