“ლივერპულმა” გასვლაზე “ბაიერნი” დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და “ლივერპულს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. “ალიანც არენაზე” ჩატარებული შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მატჩი მინორულ ტემპში დაიწყო, თუმცა პირველ ტაიმში მაყურებლებმა ორი გატანილი ბურთი იხილეს. ანგარიში მერსისაიდელებმა გახსნეს. 26-ე წუთზე სადიო მანემ მანუელ ნოიერის შეცდომით ისარგებლა და ინგლისელები დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და მათ ერთ-ერთ შეტევას ჟოელ მატიპის ავტოგოლი მოყვა – 1:1. 69-ე წუთზე კი ამ დაპირისპირების გადამწყვეტი გოლი გავიდა. ჯეიმს მილნერის ჩამოწოდებულს თავით ვირჯილ ვან დეიკი გამოეხმაურა – 1:2. დარჩენილ ოც წუთში ბავარიელებს ორი ბურთის გატანა მართებდათ, თუმცა საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდნენ და შედეგად, გოლი აქეთ მიიღეს: 84-ე წუთზე მერსისაიდელებმა კარგი იერიში წამოიწყეს, მოჰამედ სალაჰის ეფექტური პასით მანემ დუბლი შეასრულა და ამ ორმატჩიან დუელს საბოლოო წერტილი დაუსვა 1:3. “ბაიერნი” ტურნირს გამოეთიშა, “ლივერპული” კი მეოთხედფინალშია.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ბაიერნი” — “ლივერპული” 1:3 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 1:3)
გოლები: მატიპი 39′ (ა.გ.) — მანე 26′, ვან დეიკი 69′, მანე 84′.