გურამ ქუთათელაძემ UFC-ში პირველი ბრძოლისათვის ჩეჩენი მებრძოლი გამოიწვია (ფოტო)
შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე UFC-ში იჩხუბებს. როგორც ცნობილი გახდა, 27 წლის სპორტსმენს მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში დებიუტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ექნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება ქუთათელაძის პირველი მეტოქე UFC-ში, მაგრამ ქართველმა მებრძოლმა გამოცდილი ჩეჩენი მაირბეკ ტაისუმოვი გამოიწვია და მას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
“მაირბეკ, სალამ ალეიქუმ! ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ შენ შვედეთში ჩასატარებელ UFC-ის ღონისძიებაზე მოდიხარ. მე პატივს გცემ. დიდი ხანია კავკასიელის წინააღმდეგ არ მიჩხუბია და ვისურვებდი, შენთან სანახაობრივი ორთაბრძოლა გამემართა. ამ ეტაპზე, შენ წონით კატეგორიაში მე პირველი ნომერი ვარ არამხოლოდ შვედეთში, არამედ მთლიანად სკანდინავიაში. UFC-ის უნდა, რომ საუკეთესო მებრძოლებმა დიდებული შოუ აჩვენონ. ველი შენს პასუხს”, – ვკითხულობთ ქუთათელაძის მიმართვაში.
გურამ ქუთათელაძე ბოლო წლების განმავლობაში შვედეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ის ამ ამ ქვეყნის მოქალაქეც გახდა. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე შვედეთისა და საქართველოს დროშებით გადის. მან MMA-ში ჩატარებული 10 ბრძოლიდან 8 მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა.
რაც შეეხება მაირბეკ ტაისუმოვი, ის UFC-ში 2014 წლიდან ასპარეზობს. MMA-ში გამართული 33 შეხვედრიდან მან 28 მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა. 30 წლის ჩეჩენმა ბოლო 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო.