ვლადიმირ პეტკოვიჩი: “საქართველოს ნაკრებს ერთი-ორი სურპრიზის გაკეთება შეუძლია”
შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოსთან მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“პირველ რიგში, ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვეყოლებოდა. თავიდან რიტმის პოვნა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ. უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და ამაზე უნდა ვიმუშავოთ.
ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. იმისათვის, რომ სტაბილურად გავიმარჯვოთ, კარგად მომზადება და სწორი ცვლილებების გაკეთებაა საჭირო.
პირველი მატჩის მოგება მნიშვნელოვანია. სამომავლოდ წნეხი მოგვაკლდება. ახლა სახლში დავბრუნდებით და დანიასთან სათამაშოდ უფრო მშვიდად მოვემზადებით.
ვფიქრობ, საქართველოს ერთი-ორი სუპრიზის გაკეთება შეუძლია. იმედი მაქვს, ეს ჩვენთან თამაშში არ მოხდება. საქართველოს ნაკრებს ძლიერი მხარეები გააჩნია და ადრეც გულწრფელად ვთქვი, რომ ამ გუნდს ძლიერი მეტოქეებისათვის ქულების წართმევა შეუძლია.
ყველაფერი დაახლოებით ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა. გუნდის თამაში მეტოქეზეცაა დამოკიდებული. თუ საქართველოს ნაკრებმა ისე ვერ ითამაშა, როგორც თქვენ ელოდით, ეს ჩვენი დამსახურებაცაა”, – განაცხადა პეტკოვიჩმა.