მესი: “ჩემი შვილი მეკითხება, თუ რატომ უნდათ არგენტინაში ჩემი “მოკვლა”
კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მას არგენტინაში ხშირად უმიზეზოდ აკრიტიკებენ და მის შესახებ ტყუილებს ავრცელებენ.
როგორც იცით, უკანსკნელი სანაკრებო პაუზის დროს არგენტინელებმა ორი მატჩი გამართეს. მესიმ ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმის გამო შეკრება დატოვა. არგენტინაში ამის გამო მესი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მან შეკრება იმიტომ დატოვა, რომ თამაში არ სურდა.
“ჩემზე იმას ამბობენ, რაც სურთ. უკვე აღარაფერი მიკვირს, რადგან ჩემ შესახებ უამრავი ტყუილი თქვეს. ვბრაზდები, როცა ხალხს ამის სჯერა. სიმართლე ისაა, რომ სანაკრებოს პაუზას საზარდულის ტკივილით შევხვდი, ეს პრობლემა დეკემბრიდან მაწუხებდა. საზარდულის ტრავმა ძალიან რთულია. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ.
მინდა, არგენტინის ნაკრებთან ერთად რამე ტიტული მოვიგო. ყველა მნიშვნელოვან ტურნირში ვითამაშებ. ბევრი არგენტინელი ამბობს, რომ ნაკრებში თამაშის უფლება აღარ მაქვს და ჩემი შვილი მეკითხება, რატომ უნდათ არგენტინაში ჩემი “მოკვლა”, – თქვა მესიმ Radio 94.7-თან ინტერვიუში.