ეროვნული ლიგა: მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)
ეროვნული ლიგის მე-5 ტური მასპინძლების სრული დომინირებით მიმდინარეობდა და მხოლოდ ბათუმის “დინამომ” შეძლო სტუმრად “ვიტ ჯორჯიას” დამარცხება. ჰეთ-რიკი შეასრულა თბილისურ დერბიში ლევან კუტალიამ, “ტორპედომ” “რუსთავთან” ცენტრალური მცველების შესანიშნავი თამაშის ხარჯზე მოიგო, “დილამ” და “ჩიხურამ” კი პირველი გამარჯვებები აიღეს. Fanebi.com ტურის სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ.
დინო ჰამზიჩი (“ჩიხურა”) – 5 ტურის შემდეგ “ჩიხურამ” პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა და ჰამზიჩი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
კიჭი მელიავა (ბათუმის “დინამო”) – მელიავამ გაბრიელ რამოსს საგოლე პასი გაუკეთა და მარჯვენა ფლანგზე თითქმის შეუცდომლად იდგა.
მამუკა კობახიძე (“ტორპედო”) – “რუსთავის” წინააღმდეგ კობახიძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ცენტრალურმა მცველმა პირველი გოლის ეპიზოდში რამდენჯერმე მოატყუა მეტოქის საჯარიმოში რუსთაველები და ყველა პირობა შეუქმნა აზაცკის გასატანად. შეხვედრისას რამდენიმე ძალიან კარგი შორეული პასიც გააკეთა.
ოლექსანდრ აზაცკი (“ტორპედო”) – აზაცკიმ “რუსთავს” გაუტანა, რომელიც მისი მე-2 გოლი აღმოჩნდა ეროვნულ ლიგაში. აზაცკისა და კობახიძის დუეტი კვლავ გამორჩეულია.
გურამ გიორბელიძე (“დილა”) – გიორბელიძე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, თუმცა დაცვაში პრაქტიკულად გაუვალი იყო. გიორბელიძემ დიდი წვლილი შეიტანა პირველ გამარჯვებაში.
ლუკა რაზმაძე (“დილა”) – “დილას” 35 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მასზე დაკისრებული მოვალეობები შესაშურად შეასრულა და ნახევარდაცვის ცენტრში პასებს ანაწილებდა, თამაშს აბალანსებდა და მეტოქის შეტევებს მაქსიმალურად შლიდა.
მიშიკო სარდალიშვილი (“ჩიხურა”) – სარდალიშვილმა “სიონის” წინააღმდეგ 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. ამით ყველაფერი ნათქვამია.
ზურიკო დავითაშვილი (“ლოკომოტივი”) – “ლოკომოტივმა” “დილას” წინააღმდეგ 3-1 წააგო, თუმცა რუსეთიდან დაბრუნებული დავითაშვილი თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული იყო და ყველაზე მეტს ცდილობდა. “ლოკოდან” ერთადერთი გატანილი ბურთი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.
გაბრიელ რამოსი (ბათუმის “დინამო”) – მაშინ როცა “დინამოს” ჯოვინო ფლამარიონი ტრავმირებული ჰყავდა, გუნდის ლიდერობდა გაბრიელ რამოსმა ითავა და “ვიტ ჯორჯიას” ერთადერთი გოლი სწორედ მან შეუგდო.
ნუგზარ სპანდერაშვილი (“დილა”) – “ლოკომოტივის” წინააღმდეგ სპანდერაშვილი მარცხენა ფრთაზე დადგა და ამ ტაკტიკურმა ცვლილებამ ნამდვილად გაამართლა. სპანდერაშვილმა გოლიც გაიტანა და “ლოკოს” მცველებიც მთელი მატჩის განმავლობაში წნეხის ქვეშ ჰყავდა.
ლევან კუტალია (თბილისის “დინამო”) – კუტალიამ “საბურთალოსთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2-ჯერ გაათანაბრა, თამაშის ბოლოს კი “დინამოს” წინ გაყვანაც შეძლო. კარგი საგოლე ალღო და პოზიციის საუკეთესოდ შერჩევა. კუტალია ტურის ფეხბურთელია.
მთავარი ფოტო: eliga.ge