ეროვნული ლიგა: მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში მხოლოდ 6 გოლი გავიდა და 3 ფრე დაფიქსირდა. გამარჯვება ჩემპიონატის ლიდერმა “საბურთალომ” და ეროვნული ლიგა 2-დან გადმოსულმა “ვიტ ჯორჯიამ” შეძლეს. შესაბამისად, მათი მხრიდან სიმბოლურ ნაკრებში 2-2 ფეხბურთელი მოხვდა. საინტერესო გამოდგა ცენტრალური შეხვედრა “ტორპედოსა” და “დინამოს” შორის, რომელშიც შეუცდომლად გამოიყურებოდა თბილისელთა ესპანელი კიპერი ხოსე პერალესი. მიუხედავად მწირი შედეგიანობისა, მატჩები მეტად საინტერესო საყურებელი გამოდგა. Fanebi.com ტურის სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ.
ხოსე პერალესი (“დინამო”) – ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ პერალესი შეუცდომლად გამოიყურებოდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. პერალესი კარგად გამოდიოდა დასწრებაზე და კარის ხაზზეც შესანიშნავად მოქმედებდა. ესპანელი “დინამოს” საუკეთესო ტრანსფერია.
ნიკოლოზ მალი (“საბურთალო”) – “დინამოსთან” მარცხის შემდეგ ჭიაბრიშვილმა ძირითადში ნიკოლოზ მალი დააყენა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჯერ მალიმ შინდაგორიძეს გაატანინა, შემდეგ კი დვალიშვილთან ჩაიწერა საგოლე გადაცემა. “დილას” წინააღმდეგ გამარჯვებაში მისი წვლილი ყველაზე დიდია.
მამუკა კობახიძე (“ტორპედო”) – “ტორპედომ” თბილისის “დინამოსთან” კარი მშრალად შეინახა და ეს კობახიძისა და კვასხვაძის დამსახურებით მოხდა. კობახიძემ, როგორც ყოველთვის, შეძლო საჰაერო ორთაბრძოლების მოგება და კუტალიას განეიტრალება.
ნოდარ კიკნაველიძე (“ვიტ ჯორჯია”) – კიკნაველიძე “ვიტ ჯორჯიას” ერთ-ერთი ლიდერია და ამ ტურების განმავლობაში მარცხენა ფლანგიდან აქტიურად ერთვებოდა. ამჯერად, კიკნაველიძე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამოირჩა და საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.
მათე ცინცაძე (“ტორპედო”) – ყოფილმა “დინამოელმა” ის, რის გამოც, აღიარებულია ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად, თბილისელებთან შეხვედრაშიც წარმოადგინა. მათე კარგად ანაწილებდა და აკონტროლებდა ბურთს. თითქმის ყველა შეტევა მისი გავლით მზადდებოდა და იწყებოდა.
კახაბერ კაკაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) – ირანში მოთამაშე კაკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და “ვიტ ჯორჯიას” ძირითადში ადვილად დამკვირდა. კაკაშვილმა “ლოკომოტივს” გამარჯვების გოლი გაუტანა და “ვიტ ჯორჯიას” მეკარის თავისუფალი დარტყმების დიდი ნაწილი მასზე მიდიოდა. ასევე, გარკვეულ ბარიერად აღიმართა “ლოკოს” შემტვებისთვისაც.
თემურ ჩოგაძე (“რუსთავი”) – რუსთაველთა მხრიდან, ალბათ, ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ თემურ ჩოგაძე გახლდათ. ჩოგაძემ თითქმის ყველა მომენტი ინდივიდუალურად შექმნა და ზარქუას ერთი გოლიც გაუტანა. ჩოგაძე “რუსთავის” საუკეთესო ფეხბურთელია.
ნოდარ ქავთარაძე (“ტორპედო”) – თბილისის “დინამოს” მარჯვენა და მარცხენა ფლანგები ნოდარ ქავთარაძემ თავისი სისწრაფისა და ტექნიკის წყალობით პრაქტიკულად ძალიან დიდ საგონებელში ჩააგდო. “დინამოს” მცველებს ყველაზე მეტად სწორედ მისი შეჩერება გაუჭირდათ და ერთადერთი რაც ნოდარს დააკლდა, საგოლე მომენტებში სიზუსტე იყო.
ლაშა შინდაგორიძე (“საბურთალო”) – საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ 5 მატჩში 3 გოლისა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. “დილასთან” შინდაგორიძემ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა.
ნუგზარ სპანდერაშვილი (“დილა”) – მიუხედავად იმისა, რომ “დილა” “საბურთალოსთან” 2-1 დამარცხდა, სპანდერაშვილმა თავისი შანსი გამოიყენა და მიგინეიშვილის კარი აიღო. სპანდერაშვილი “დილას” თავდასხმის ხაზში შეუცვლელია.
ვლადიმერ დვალიშვილი (“საბურთალო”) – 33 წლის ლადო დვალიშვილმა წლევანდელ სეზონში აშკარად უფრო კარგ ფორმაშია და 4 მატჩში 2 გოლი შეაგდო. დვალიშვილმა ძველი პერიოდი გაიხსენა, შესაშურად მოტრიალდა და გუგეშაშვილს ლამაზი გოლი გაუტანა.