სალომე ზურაბიშვილის განცხადება და მწვრთნელების პასუხი (ვიდეო)
6 აპრილს, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ახსენა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
“მე, როგორც ქალ პრეზიდენტს, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ქალი ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ იღებს. იმედი მაქვს, რომ ეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას არ უკავშირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, თათია ლორთქიფანიძის მამამ, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა (იხილეთ განცხადება). ის აცხადებს, რომ მისი შვილი ნაკრების შემადგენლობაში პირადი ანგარიშსწორების გამო ვერ მოხვდა.
სალომე ზურაბიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებებს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელებმა უპასუხეს.
თემურ ჯანჯღავა (საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი): “თათია ლორთქიფანიძე გამოძახებული იყო ნაკრებში და არ გამოცხადდა. აბსოლიტურად იზოლირებული იყო ცალკე. რას ვარჯიშობდა, როგორ ვარჯიშობდა, მე წარმოდგენა არ მქონდა. მე უფროსი მწვრთნელი ვარ და მაქვს იმის უფლება, დავაყენო ის ადამიანი გუნდში, რომელიც არის ჩემთან ერთად.”
გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სისტემატიური არდამორჩილება, ნაკრების უგულველყოფა, შეკრებებზე არგამოცხადება, თვითნებური მომზადება და არაჯეროვანი მოქცევა. აქედან გამომდინარე, ქალთა ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო.”