ეროვნული ლიგა: მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თითქმის ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. გამარჯვებები “ჩიხურამ”, “ტორპედომ”, “საბურთალომ” და ორივე “დინამომ” შეძლო. პირველი გოლები გაიტანეს რიჩარდ ლუკამ, ლუკა იმნაძემ, რომან ჭანტურიამ და ჯოვინო ფლამარიონმა. ტურში 14 გოლი ვიხილეთ და ფავორიტებმა ყველა შეხვედრაში იმარჯვეს. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
როინ კვასხვაძე (“ტორპედო”) – ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტანმა გორის “დილასთან” მისი დონის თამაში აჩვენა და გორელებმა პირველ ტაიმში მისთვის გოლის გატანა ვერ შეძლეს, მე-2 ნახევარში კი როინს ნაკლები საქმე ჰქონდა. კვასხვაძემ წინა მატჩში “დინამოსთანაც” კარი მშრალად შეინახა.
ნოდარ იაშვილი (თბილისის “დინამო”) – იაშვილი ის ფეხბურთელია, რომელიც თანაბრად წარმატებულად თამაშობს მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე. იაშვილი ამჯერად მარჯვენა ფრთაზე იდგა და “რუსთავთან” კვლავ გამორჩეული იყო.
დავით მაისაშვილი (“ჩიხურა”) – მიუხედავად იმისა, რომ დავით მაისაშვილს სახის ძვლის ტრავმა ჰქონდა და მისი თამაში საეჭვო იყო, მაისაშვილი გამოვიდა და დაცვაში პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვია.
ლევან კაკუბავა (“საბურთალო”) – “ჩიხურადან” “საბურთალოში” გადასვლის შემდეგ, შესაძლოა, “ვიტ ჯორჯიასთან” კაკუბავას საუკეთესო თამაში გამოუვიდა. ლევანმა გოლიც გაიტანა და მარგველაშვილთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნის.
ლევან შენგელია (თბილისის “დინამო”) – შენგელიამ “რუსთავთან” დუბლი შეასრულა და თუ ვინმეს ის ფენტეზიში ჰყავს, თან კაპიტნად, შენგელია გუნდს 24 ქულას მოუტანდა. ლევანის შენარჩუნება თბილისელებისთვის უმნიშვნელოვანესია.
რიჩარდ ლუკა (“ტორპედო”) – ბრაზილიელმა ტალანტმა “ტორპედოს” შემადგენლობაში პირველი გოლები შეაგდო. ლუკამ ჯერ ალვინ ფორტესი გააძევებინა, შემდეგ ულამაზესი გოლი გაუტანა “დილას”, 88-ე წუთზე პენალტიც მოიპოვა, გაიტანა და 89-ე-ზე მოედანი დატოვა. ის ნელ-ნელა ადაპტაციას გადის.
გიული მანჯგალაძე (ბათუმის “დინამო”) – ბათუმის “დინამოს” წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ გიული მანჯგალაძეა, რომელიც მშვენივრად ასრულებს მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის დავალებებს და ბათუმელთა ცენტრალურ ნახევარდაცვას ამაგრებს.
გიორგი კოხრეიძე (“საბურთალო”) – კოხრეიძემ “ვიტ ჯორჯიას” პრაქტიკულად პირადად მოუგო. მან გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის დაწყებისას გიორგი სათანადო ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
დათო კირკიტაძე (“სიონი”) – ბოლნისის “სიონმა” “დინამო ბათუმთან” 2 გოლი გაიტანა და 2-ვე გოლის ეპიზოდში კირკიტაძემ მიიღო მონაწილეობა. კირკიტაძემ ჯერ ვილი ისიანს გაატანინა, შემდეგ კი პენალტი მოიპოვა.
ბიძინა მახარობლიძე (“ჩიხურა”) – საჩხერის “ჩიხურამ” “ლოკომოტივი” დამაჯერებლად დაამარცხა, ბიძინა მახარობლიძე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა და მთელი შეხვედრის განმავლობაში “ლოკოს” მცველებს დიდი პრობლემები შეუქმნა.
რომან ჭანტურია (ბათუმის “დინამო”) – რომან ჭანტურია იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გოლების გატანას ვერ ახერხებდა და “სიონთან” გამარჯვების დუბლი შეასრულა. შემოსვლიდან 15 წუთში ჭანტურიამ 2 გოლი გაიტანა და ბათუმელებს 3 ქულა მოუტანა.
*მთავარ ფოტოზე: გიორგი კოხრეიძე (საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ფოტო)