პრევიუ: “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტის” ახალი სტადიონითა და დიდი ამბიციებით ხვდება
დღეს, 9 აპრილს, საფეხბურთო სამყაროს ქარიზმატული ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება მეოთხედფინალებით – “ლივერპული” საშინაო კედლებში “პორტუს” მიიღებს, თუმცა ჩვენ აქცენტს “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” ინგლისურ დაპირისპირებაზე გავაკეთებთ.
“სპურსისა” და “ქალაქელების” დაპირისპირებაში ბოლო დროს აშკარად მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები იჩაგრებიან. “ტოტენჰემმა” ბოლოს “სიტი” 2016 წელს დაამარცხა. მას შემდეგ ლონდონელებმა “სიტისგან” 10 გოლი და მხოლოდ ერთი ქულა მიიღეს.
საფეხბურთო ექსპერტები გარკვეული მიზეზების გამო ფავორიტად პეპ გვარდიოლას ბიჭებს ასახელებენ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ “ტოტენჰემი” უდიდესი მოტივაციითა და გენიალური ტაქტიკოსით, მაურისიო პოჩეტინოთი არის შეიარაღებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ახალი სტადიონის ფაქტორიც, რომელიც დღეს ბოლომდე უნდა გაივსოს.
Tomorrow. #UCL ⚪️ #COYS pic.twitter.com/3l2sL7VczL
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) April 8, 2019
რა თქვეს მწვრთნელებმა?
მაურისიო პოჩეტინო, “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი: “ვფიქრობ, ეს ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ჩემთვის უდიდესი რამ არის.
“მანჩესტერ სიტი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, არა მხოლოდ ინგლისის. გვინდა, რომ შეხვედრა აგრესიულად დავიწყოთ და დომინანტები ვიყოთ. სიტუაციის ყველანაირი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად.
ეს სულ რაღაც მეორე მატჩია ჩვენ სატდიონზე. ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა, სადაც გამარჯვება ძალიან რთულია, თუმცა მჯერა, რომ მოედანზე შექმნილი ატმოსფერო ამის ძალას მოგვცემს.”
ხოსეპ გვარდიოლა, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი: “რვავე კლუბი, რომელიც ამ ეტაპზე მონაწილეობს, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით ძლიერი და სუსტი მხარეები.
“ტოტენჰემი” ყოველთვის აგრესიულად თამაშობს. თუ ხვალაც ასეთ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ, ჩვენც აგრესიულ თამაშს დავუპირისპირებთ. ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ.
“ტოტენჰემის” ახალი სტადიონი? ახალი არენა ფანებზე უდიდეს გავლენას იქონიებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მოედანი ხელს შეგვიშლის.”
როგორ ფორმაში არიან გუნდები?
“მანჩსტერ სიტი” წარმოუდგენელ ფორმაში იმყოფება – 21 მოგება ბოლო 23 მატჩიდან ყველა ტურნირზე. პეპს ფეხი “ნიუკასლთან” მატჩში დაუცდა, რომელიც მინიმალური სხვაობით დათმო. მეორე შეხვედრაში კი ფრედ ითამაშა “ჩელსისთან” (ლიგის თასი, რომელიც პენალტების სერიაში მოიგო).
“ტოტენჰემის” შემთხვევაში კი ყველაფერი საპირისპიროდაა. არც ისე დიდი ხნის წინ, “სპურსი” “სიტისა” და “ლივერპულს” ჩემპიონობას ეცილებოდა, ახლა კი ხუთეულში დარჩენისთვის უფრო იბრძვის – ორი მოგება ბოლო შვიდი შეხვედრიდან (ოთხი წაგება).
ერთმანეთის პირისპირ
ყურადღების ცენტრში
ვისგან უნდა ველოდოთ გმირობას? პასუხია რაჰიმ სტერლინგი. ინგლისელი ფეხბურთელი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. ბოლო ექვს მატჩში მატჩში ნაკრებსა და კლუბში მას 8 + 2 გოლი უგროვდება. რაჰიმი ავანტიურისტი მცველების კოშმარია, რომელთაც შეტევაში გაქცევა უყვართ. ამასთანავე, მას თანაბრად კარგად შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგის ათვისება.
ვისი ბრალი იქნება? ტრიპიერის. ტრიპიერი არც ისე კარგად გამოიყურება, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას. “რეალსა” და “ბარსელონას” აღარავინ უკავშირებს და მეტიც, პოჩეტინო მისი გაყიდვის მომხრე გახლავთ. ბოლო დროს მას არც წინ წასვლა გამოსდის კარგად და არც დაცვაში დგომა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლონდონის “ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ტრიპიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, დენი როუზი; მუსა სისოკო, უინკსი; სონი, ალი, ერიქსენი; ჰარი კეინი.
“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; კაილი უოკერი, ნიკლას ოტამენდი, აიმერიკ ლაპორტი, მენდი; კევინ დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; რაჰიმ სტერლინგი, კუნ აგუერო, ბერნარდო სილვა.