ჰუგო ლორისი: “ურთულეს მატჩში გავიმარჯვეთ, დიდებულია”
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გახსნით შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” შინ “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო მინიმალური ანგარიშით. მატჩის შემდეგ შეხვედრის ერთ-ერთმა გმირმა, ჰუგო ლორისმა, რომელმაც აგუეროს პენალტი მოიგერია, პრესასთან ისაუბრა.
“უდიდესი მატჩი შედგა. შეხვედრის ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ვცდილობდით, რომ სასურველი შედეგი მიგვეღო. ძალიან რთული იყო, მაგრამ ურთულეს მატჩში გავიმარჯვეთ. დიდებულია, ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ.
არ დამინახავს მოხვდა თუ არა როუზს ბურთი ხელზე, მაგრამ ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება მიიღო და ეს თამაშის ნაწილია. ამას უნდა შევეგუოთ. საბედნიეროდ, ბოლომდე თამაშში დავრჩით.
დიდი იმედი მაქვს, რომ კეინის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. საშინელი გრძნობაა, როდესაც შენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მოედანს ტოვებს,” – აცხადებს ფრანგი მეკარე.