მერტესაკერის აღიარება: როგორ დაუბლოკა “ბაიერნში” ტრანსფერი ბებიამ?
გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, პერ მერტესაკერი, გერმანულ ტაბლოიდ Bild-თან საუბრისას ცხოვრების იმ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც სამ გერმანულ კლუბს შორის უწევდა არჩევანის გაკეთება.
“როდესაც “ჰანოვერის” ღირსებას ვიცავდი, რამდენიმე კარგი წინადადება მივიღე. ჩემი გადაბირება სამ გერმანულ კლუბს – “ჰამბურგს”, “ბრემენსა” და მიუნხენის “ბაიერნს” სურდა.
მაშინ უკვე გერმანიის ნაკრებშიც ვთამაშობდი და “ბაიერნი” ცდილობდა, “ბუნდესნაკრებში” მოთამაშე ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინა გუნდი. მაგრამ არც “ბრემენი” ჩანდა ურიგო ბოროვსკის, ფრინგსის, კლოზესა და ბაუმანთან ერთად. ჩემთვის ეს უფრო მიმზიდველი ჩანდა.
ჯერ კიდევ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ამანაც დიდი გავლენა იქონია ჩემ გადაწყვეტილებაზე “ბრემენს” საკმაოდ კარგი რეპუტაცია ჰქონდა ახალგაზრდებთან მუშაობაში.
მაგრამ, შესაძლოა, “ბაიერნში” ბებიის გამო არ გადავედი, რადგანაც ის ამ კლუბს ვერ იტანდა და ამბობდა – “ბაიერნი” საერთოდ არ მუშაობს”. ის ჩემს ტრანსფერამდე გარდაიცვალა. ალბათ, საფლავში გადატრიალდებოდა იქ რომ გადავსულიყავი,” – ამბობს მერტესაკერი.