ლაშა ტალახაძის მადლობა გულშემატკივრებს
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, რომელმაც 13 აპრილს ბათუმში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 25 წლის სპორტსმენმა იმ ადამიანებს, რომლებიც მას გვერდში ედგნენ და გულშემატკივრობდნენ, მადლობა გადაუხადა.
“საღამომშვიდობის ჩემო ქვეყანავ, ჩემო საქართველო!
მოგესალმები, ჩემო გულშემატკივარო.
ჩაიარა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატმა და დღეს, როცა უკვე გავაანალიზეთ თუ რა შეძლო ჩვენმა გუნდმა, დროა სამადლობელი სიტყვა მოგახსენოთ.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მთლიანად ბათუმს, ღონისძიების ორგანიზატორებს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის…
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, არა მარტო ჩემი, არამედ იმ წარმატებისთვის, რაც ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა დადო ამ ევროპის ჩემპიონატზე.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
აუცილებლად აღსანიშნავია, ბატონი პრემიერის და მთავრობის წარმომადგენლების საოცარი გულშემატკივრობა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონებო და ქალბატონებო.
მინდა ვთქვა, რომ ჩემი წარმატების იქით, ძალიან მოხარული ვარ ეროვნული ნაკრების კაპიტნის, 34 წლის ირაკლი თურმანიძის სასწაული ასპარეზობით. მივულოცავ ირაკლის ევროპის ვიცე ჩემპიონობას და ვთხოვ, კიდევ დიდხანს იდგეს ჩვენი ნაკრების გვერდით.
ახლა კი მთავარი.
დიდი მადლობა თქვენ ჩემო გულშემატკივარო.
მიხარია, რომ გახარებთ ჩემი ჩემპიონობა, მიხარია, რომ არ დაიზარეთ ბათუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსვლა, ჩემს გასამხნევებლად.
მინდა გითხრათ, რომ თითოეული აწეული კილოგრამი, თითოეული ევროპის თუ მსოფლიოს რეკორდი, გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს.
დიდი მადლობა!” – ვკითხულობთ ტალახაძის პოსტში.