რუსი მოჭიდავე: “ქართველ მოჭიდავეს რაღაც ჰქონდა წასმული”
რუსეთის ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 67 კგ. წონით კატეგორიაში არტიომ სურკოვმა ქართველ მეტოქეს სხეულზე სითხის წასმა დააბრალა.
არტიომ სურკოვი რამდენიმე დღის წინ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. რუსი მოჭიდავე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველ საჩინო დავითაიას დაუპირისპირდა და ანგარიში 2:1 გაიმარჯვა.
რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 25 წლის სპორტსმენმა ქართველთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“ამ ქართველ მოჭიდავეს [საჩინო დავითაიას] პირველად შევხვდი, ის აქამდე 72 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ჩემი აზრით, მას რაღაც ჰქონდა წასმული, რის გამოც ხელები მისრიალებდა. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელებს ვუთხარი. თანამედროვე ჭიდაობაში ასეთ ხრიკებს მიმართავენ. გაპროტესტების შემთხვევაში, სხეულს იმშრალებენ, რის შემდეგაც კანი თითქოს მშრალია, მაგრამ ჭიდაობის დროს ხელები მაინც გისრიალებს.
მინდა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მწვრთნელებს ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოვახერხე. 2018 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ახლაც უნდა მომეგო”, – ციტირებს სურკოვის სიტყვებს Sportbox.ru.