ეროვნული ლიგა: მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში 12 გოლი და 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. ლიდერებიდან მხოლოდ “საბურთალომ” და ბათუმის “დინამომ” მოიგეს, “ტორპედომ” და თბილისის “დინამომ” კი ქულები დაკარგეს. დიდხნიანი პაუზის შემდეგ “დილამ” შეძლო გამარჯვება და აუტსაიდერი “რუსთავი” დაამარცხა. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
დინო ჰამზიჩი (“ჩიხურა”) – საჩხერის “ჩიხურამ” “ტორპედოსთან” შეძლო კარის მშრალად შენახვა და ამაში ჰამზიჩს დიდი წვლილი მიუძღვის.
ლუკა ლაკვეხველიანი (“საბურთალო”) – ჩემპიონმა ბოლნისელები მეტწილად დაცვის ფლანგების კარგი თამაშით დაამარცხეს. ლაკვეხველიანი საიმედოდ და მაგრად გამოიყურებოდა.
გრიგოლ ჩაბრაძე (“საბურთალო”) – “საბურთალომ” “სიონი” ძალიან დაძაბულ მატჩში 2-3 დაამარცხა და ჩაბრაძე მარჯვენა ფლანგზე აქტიური გახლდათ. ხშირად ერთვებოდა შეტევებში და გოლიც გაიტანა.
დავით მაისაშვილი (“ჩიხურა”) – ჰამზიჩის კარგი თამაშის გარდა “ჩიხურადან” მაისაშვილი გამოვარჩიეთ. მიუხედავად მირცხულავას სხვა გუნდში წასვლისა, მაისა “ჩიხურას” დაცვის ცენტრის ბურჯად რჩება.
ზურაბ სეხნიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) – ერთადერთი გოლი თბილისის “დინამოს” კარში სწორედ სეხნიაშვილმა შეაგდო.
ცოტნე მოსიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”) – მოსიაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოირჩეოდა და სეხნიაშვილს საგოლე პასიც გაუკეთა. “დინამოს” ყველაზე მეტად მისი შეჩერება უჭირდა.
ალვინ ფორტესი (“დილა”) – “დილამ” დიდხნიანი პაუზის შემდეგ “რუსთავთან” შეძლო გამარჯვება. ფორტესმა ჯერ გოშთელიანს გაატანინა, შემდეგ თვითონ შეაგდო გამარჯვების გოლი.
თემურ ჩოგაძე (“რუსთავი”) – ჩოგაძე თითქმის ერთადერთი ფეხბურთელია “რუსთავის” შემადგენლობაში, რომელსაც, შესაძლოა, ეს სეზონი მეტ-ნაკლებად წარმატებულად ჩავუთვალოთ. თემური მეტად შეცვლაზე გამოდის და “დილას” წინააღმდეგ შეცვლაზე შემოსვლიდან 7 წუთში გამოიჩინა თავი. რუსთაველთა გავარდნის შემთხვევაში, მას მსურველთა დიდი რიგი ეყოლება.
გიორგი დიასამიძე (“საბურთალო”) – თბილისური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა “სიონთან” კარგად ითამაშა და 78-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა.
ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო ბთ”) – ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მე-3 შეხვედრაში იმარჯვა და ჯოვინომ დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა ბოლო წუთზე გაუტანა “ლოკომოტივს” და წლის საუკეთესო ლეგიონერის სტატუსისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.
გურამ გოშთელიანი (“დილა”) – “საბურთალოდან” იჯარით წასული გოშთელიანი გორელთა ლიდერად ყალიბდება. გოშთელიანი იღებს სათამაშო დროს და გოლი თითქმის ყველა შეხვედრაში გააქვს.