ვალვერდე: “ვიცით, წინ რაც გველის”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ლივერპულთან” მოგებული პირველი მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ეს შედეგი ნამდვილად კარგია. ვიცით, რა შეუძლია მესის, მაგრამ ის ჩვენ გაკვირვებას არ წყვეტს. ლეო გუნდის კაპიტანი და ლიდერია, რაც დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა. საჯარიმო ძალიან შორს დაინიშნა, ამიტომ არ ვიცოდი, დარტყმას აპირებდა თუ არა. ის ჩვენ მეტოქეებს მუდმივ შიშში ამყოფებს.
თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ 1:1 კარგი ანგარიში იქნებოდა, თუმცა ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. მომდევნო მატჩში კარის მშრალად შენახვაზე უნდა ვიზრუნოთ. “ლივერპული” დიდებული გუნდია და წინ კიდევ 90 წუთია. ვიცით, წინ რაც გველის. გასულ წელს ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოვეთიშეთ, როცა სამბურთიანი უპირატესობა გვქონდა. განმეორებითი შეხვედრა რთული იქნება”, – განაცხადა ვალვერდემ.