“არსენალმა” “ვალენსია” ლაკაზეტისა და ობამეიანგის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)
ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “არსენალი” ესპანურ “ვალენსიას” შეერკინა. შეხვედრა საკმაოდ გახსნილი და სასიამოვნო საყურებელი გამოდგა.
მატჩის ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე გაიხსნა, როდესაც დანი პარეხოს ჩაწოდებას დაიჰაბი შედეგიანად გამოეხმაურა. მე-18 წუთზე ობამეიანგის სისწრაფისა და ლაკაზეტის სიზუსტის ხარჯზე ანგარიში გათანაბრდა, რვა წუთში კი ლაკაზეტმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი.
შეხვედრის დარჩენილ ნაწილში ორივე გუნდი შეტევაზე ფიქრობდა, იქმნებოდა მომენტებიც, თუმცა გოლი აგვიანებდა. საბოლოო ანგარიში შეხვედრის პირველ დამატებულ წუთზე პიერ ემერიკ ობამეიანგმა დააფიქსირა – 3:1.
ასე რომ, 9 მაისს, “მესტალიაზე” გასამართ განმეორებით მატჩს “არსენალი” კომფორტული უპირატესობით ხვდება, თუმცა “მეთოფეთა” ბოლოდროინდელი ფორმა “ღამურებს” ქამ-ბექზე ფიქრის საშუალებას აძლევს.