ეროვნული ლიგა: მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში არცერთი ფრე არ დაფიქსირებულა და 19 გოლი ვიხილეთ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლავთ. მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” ლიდერობა დაიბრუნა, ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა “დილამ”, “რუსთავმა” კი პირველი 3 ქულა აიღო. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
ლუკა გუგეშაშვილი (დილა) – “დილას” მეკარემ კარი მშრალად ზედიზედ მე-2 შეხვედრაში შეინახა და მისი კარგი თამაში გუნდის 3 ქულის მოპოვების პირდაპირპროპორციულია.
თორნიკე გრიგალაშვილი (დილა) – “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” დამარცხება დიდწილად სწორედ გრიგალაშვილის კარგი თამაშით მოახერხა. თორნიკე განსაკუთრებით კარგი პირველ ტაიმში იყო, როდესაც ჯერ ჩიკვაიძეს, ხოლო, შემდეგ მეგრელიშვილის ფლანგი აიღო. გოშთელიანს საგოლე პასიც გაუკეთა.
ბაქარ მირცხულავა (დილა) – ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მირცხულავა პრაქტიკულად გაუვალი იყო.
ვიქტორ მონხილი (დინამო) – ესპანელმა ლეგიონერმა “სიონის” წინააღმდეგ პირველი გოლი გაიტანა და დამაჯერებლად იდგა.
ლუკა სილაგაძე (რუსთავი) – რუსთაველთა კაპიტანმა “ვიტ ჯორჯიასთან” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, გოლი გაიტანა და “რუსთავს” მთელი თამაშის განმავლობაში უძღვებოდა.
ნიკა ნინუა (დინამო) – 19 წლის ნინუა ლეგიონერების მოსვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ნაკლებად ხვდებოდა და “სიონის” წინააღმდეგ ნახევარდაცვის მთავარ ფიგურად მოგვევლინა 2 საგოლე პასით.
ამოს ნონდი (დილა) – ახალგაზრდა კენიელი ნახევარმცველი სხვა ლეგიონერებისგან განსხვავებით “დილას” ძირითადის შემადგენლობის წევრია და “ჩიხურასთან” კარგად გამოიყურებოდა.
ფარხად გისტაროვი (რუსთავი) – გისტაროვი “რუსთავში” სეზონის დაწყების შემდეგ გადავიდა და პირველი გამარჯვება გუნდმა სწორედ მისი პირველი გოლით შეძლო. გისტაროვმა ყიფიანის გაცუდებულ პენალტს ბოლო წუთზე დაამატა.
ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) – ქავთარაძის ტრანსფერი ჯერჯერობით საუკეთესოდ ითვლება. ქავთარაძემ ბათუმის “დინამოს” 2 ულამაზესი გოლი გაუტანა და მცველები ნამდვილად ცუდ დღეში ჩააგდო.
ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – ევროპიდან დაბრუნებული შინდაგორიძე “საბურთალოს” უპირობო ლიდერად იქცა და ამჯერად, შეცვლაზე შემოსვლიდან 3 ქულის მომტანი ბურთი შეაგდო.
ლევან კუტალია (დინამო) – 7 გოლით კუტალია ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ჯაბა უგულავას ჩამორჩება. კუტალიამ “სიონთან” დუბლი შეასრულა.