“ლივერპულმა” “ბარსელონასთან” სამბურთიანი სხვაობა დაძლია და ფინალში ითამაშებს (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კატალონიელებს 3:0 ჰქონდათ მოგებული და ბევრს ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უკვე გადაწყვეტილი ეგონა, თუმცა მერსისაიდელებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს, მეტოქე 4:0 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი გულგრილს არავის დატოვებდა. “ენფილდროუდელებმა” თამაში საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ჟორდი ალბას უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში გახსნეს კიდეც. გოლი დივოკ ორიგიმ გაიტანა. ამის შემდეგ ინგლისელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, კატალონიელები კი მეტოქის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდნენ და რამდენჯერმე წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში “წითლების” კიპერმა ალისონ ბეიკერმა იყოჩაღა, რამდენჯერმე კი თავად ესპანელებმა გააფუჭეს მომენტი.
“ლივერპულმა” საქმის ძირითადი ნაწილი მატჩის მეორე ნახევარში შეასრულა, “ბარსელონა” კი მოედანზე ძალზედ პასიურად მოქმედებდა. დაშავებული ენდი რობერტსონის ნაცვლად მეორე ტაიმში ჟორჟინიო ვეინალდუმი შევიდა, რომელმაც ჯერ 54-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ – 56-ეზე და ორმატჩიან დაპირისპირებაში წონასწორობა აღადგინა. 79-ე წუთზე კი ორიგიმ “ბარსელონას” კარის ბადე მეოთხედ შეარხია და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა – ორი შეხვედრის ჯამში “ლივერპულმა” 4:3 იმარჯვა და ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ამსტერდამის “აიაქსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წყვილში გამარჯვებული იქნება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“ლივერპული” — “ბარსელონა” 4:0 (1:0) (ორი მატჩის ჯამში 4:3)
გოლები: ორიგი 7′, 79′, ვეინალდუმი 54′, 56′.