“არსენალმა” “ვალენსია” ესპანეთშიც დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
9 მაისს ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა “ვალენსიასა” და “არსენალს” შორის. ლონდონში განცდილი მარცხის (3-1) შემდეგ “ღამურებს” საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერისა და ქამბექის იმედი ჰქონდათ, თუმცა ასე არ მოხდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ უნაი ემერიმ მარსელინიოს ტაქტიკური დავა და შესაბამისად მატჩიც მოუგო.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე კევინ გამეიროს გოლით გაიხსნა, რამაც ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი მისცა. თუმცა, მე-17 წუთზე ობამეიანგმა ადგილობრივი პუბლიკა დაადუმა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
შეხვედრის მეორე ტაიმი ალექსანდრ ლაკაზეტის გოლმა გახსნა (50′), რის შემდეგაც მასპინძლებმა აგრესიული თამაში წამოიწყეს და გოლიც შეაგდეს – თავი კვლავ კევინ გამეირომ გამოიჩინა. გატანილი გოლის შემდეგ “ვალენსია” ზეწოლას უფრო და უფრო აძლიერებდა, თუმცა ობამეიანგის მიერ 69-ე და 88-ე წუთებზე გატანილმა გოლებმა “არსენალი” ევროპა ლიგის ღირსეულ ფინალისტად აქცია.