კახა ჩხეტიანი: “ტორპედოში” ფინანსური პრობლემები ნამდვილად არსებობს”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “ლოკომოტივთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ განაცხადა, რომ კლუბში ფინანსური პრობლემები ნამდვილად არსებობს.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ტორპედოს” ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტია კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, გუნდი ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს.
“მინდა, ჩვენ ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ყველა საუბრობს იმაზე, რა პრობლემებიცაა გუნდში და ეს მათ არ ეტყობათ. ისინი მოედანზე გამოდიან და პირველ რიგში, იმ გულშემატკივრებისთვის თამაშობენ, რომლებიც ტრიბუნაზე იმყოფებიან, თამაშობენ ერთმანეთისათვის და ამ გუნდისათვის.
კლუბში ფინანსური პრობლემები ნამდვილად არის. ჩვენი პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ის დღეს ღამით ჩამოდის, ხვალ გუნდს შეხვდება. როგორც მან მითხრა, ახალი ინფორმაციით ჩამოდის და თავად იტყვის, რა იქნება მომავალში. ვიმედონვებ, გააგრძელებს გუნდის სპონსორობას. ყველამ იცით, ჩინელი სპონსორები, რომლებიც კლუბში იყვნენ, წავიდნენ და ახლა ახალი სპონსორის ძიება მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ქუთაისის “ტორპედო” ჩემპიონობისათვის ბრძოლას გააგრძელებს. კარზეა მომდგარი ევროპის ლიგა, სადაც ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ.
ჩვენი გუნდის ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მათ ეს დაამტკიცეს. ყველანი ხედავთ, რომ ისინი ვარჯიშზეც და მატჩის მიმდინარეობისას ბოლომდე იხარჯებიან. ვფიქრობ, ამ ყველაფერს უფალიც დაგვიფასებს”, – განაცხადა ჩხეტიანმა.