ეროვნული ლიგა: მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრები
ზედიზედ ორი ტურია ეროვნულ ლიგაში ფრე არ დაფიქსირებულა და მე-12 ტურში 17 გოლი ვიხილეთ. ბათუმში 5 გოლი გავიდა და ხუთივე ბათუმელების ანგარიშზეა, “რუსთავმა” მოქმედი ჩემპიონი, “საბურთალო” დამაჯერებლად დაამარცხა, “სიონმა” დილას 3-მატჩიანი სერია შეწყვიტა, “ჩიხურამ” და “ტორპედომ” კი საინტერესო მატჩებში იმარჯვეს. Fanebi.com მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
როინ კვასხვაძე (ტორპედო) – ქუთაისის “ტორპედოს” მძიმე დრო უდგას და “ლოკომოტივთან” გუნდს კვასხვაძემ ულიდერა. როინმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
რომან ჩაჩუა (სიონი) – ირანიდან დაბრუნებულმა ჩაჩუამ “სიონის” ძირითადში ადგილი მაშინვე დაიკავა და “დილას” წინააღმდეგ გამარჯვების საგოლე პასი გააკეთა.
მამუკა კობახიძე (ტორპედო) – აზაცკის არყოფნაში კობახიძე ბოლომდე იმბრძოდა და საჰაერთო ორთაბრძოლების 100% მოიგო.
შოთა კაშია (ჩიხურა) – “ჩიხურას” კაპიტანი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და 34 წლის ასაკში მარცხენა მცველად გაისარჯა. მე-12 ტურში მხოლოდ “ჩიხურამ” შეძლო კარის მშრალად შენახვა.
ლაშა ჩალაძე (დინამო ბთ) – ბათუმის “დინამოს” თბილისის “დინამოსთან” ნაკრების წევრი, გიორგი ნავალოვსკი დააკლდა და 31 წლის ლაშა ჩალაძემ უძლიერესი გოლი გაიტანა და პენალტიც მოიპოვა.
მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა) – “ჩიხურამ” “ვიტ ჯორჯიასთან” სარდალიშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა. მიშიკომ თავის სტილში, მარჯვენა ფეხზე მიიღო ბურთი და მეკარეს აუღებელი დაურტყა.
ფარხად გისტაროვი (რუსთავი) – გისტაროვი ზედიზედ ორჯერ მოხვდა ჩვენ სიმბოლურ ნაკრებში. გისტაროვმა “საბურთალოსთან” გოლი და საგოლე პასი შეასრულა.
ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) – ქავთარაძეს ბოლო 2 ტურში 3 ბურთი აქვს შეგდებული და “ლოკომოტივთან” პენალტიც მისი წაქცევისთვის დანიშნეს.
ვილი ისიანი (სიონი) – მთელი მატჩის განმავლობაში ისიანი აქტიურად უტევდა და 74-ე წუთზე ჩაჩუას პასის შემდეგ გამარჯვების გოლი შეაგდო.
თორნიკე გაფრინდაშვილი (დინამო ბთ) – ახალგაზრდა გაფრინდაშვილი ბათუმელებს კიდევ ერთხელ მოევლინა მსხნელად და შეცვლაზე შემოსულმა 93-ე წუთზე პერალესის კარი აიღო და ანგისის სტადიონი სრულიად დაადუღა.
ლუკა იმნაძე (რუსთავი) – 21 წლის იმნაძემ “რუსთავის” შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო და “საბურთალოსთან” ანგარიში სწორედ მან გახსნა. იმნაძე პირველ ბურთზე ორთაბრძოლისას, როგორც ყოველთვის, გამორჩეულია.