კახა ჩხეტიანი: “ტორპედო, შესაძლოა, მომდევნო თამაშამდე დაიშალოს”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” 2-3 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჩხეტიანმა გუნდში არსებულ კრიზისზე ისაუბრა და მეტად უსიამოვნო ინფორმაცია გვაუწყა.
“გამოჩნდა, რომ საბრძოლო ხასიათი ნამდვილად ვერ იყო, მაგრამ მე ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც გააკეთეს ამ დროის განმავლობაში ქუთაისის “ტორპედოსთვის”. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ვართ იმის წინაშე, რომ დავიშალოთ, უკვე მომდევნო თამაშამდე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც გუნდისთვის კარგი გააკეთა და განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მომდევნო თამაშზე უკვე ყველაფერი გეცოდინებათ”, – განაცხადა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” მარცხის შემდეგ.
“ტორპედოში” სეზონის დაწყებიდან ფინანსური კრიზისია, რამდენიმე თვის წინ გარკვეული სახით მოგვარდა ეს პრობლემა, თუმცა ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ აუღიათ და შესაძლოა, საქართველოს თასის გამარჯვებული და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი დაიშალოს.