ეროვნული ლიგა: მე-13 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის “საბურთალომ” კონკურენტთა წაგებებით ისარგებლა და ლიდერობა კვლავ დაიბრუნა. “ლოკომოტივმა” თბილისურ დერბიში საოცრად ითამაშა და 3 ქულა აიღო, “დილამ” და “სიონმა” კი მატჩების ბოლოს მოიგეს. “ჩიხურა” და “რუსთავი” ისევ ფრეს დასჯერდნენ. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
ლუკა გუგეშაშვილი (დილა) – “დილას” გოლკიპერმა ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
რომან ჩაჩუა (სიონი) – ჩაჩუა ზედიზედ მეორეჯერ მოხვდა ჩვენ სიმბოლურში. ირანიდან დაბრუნებული რომანი შესანიშნავ ფორმაშია.
გია ჩადუნელი (დილა) – მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა ჩადუნელს სათამაშო დრო მისცა, გორელებმა 6 ტურში მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს. ჩადუნელი “დინამო ბათუმის” მძლავრ შეტევებს უმკლავდებოდა.
ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი) – თბილისურ დერბიში “ლოკომ” “დინამო” 1-3 დაამარცხა და ერთადერთი გოლი საჯარიმოდან მიიღო. “დინამოს” ყოფილი კაპიტანი ნიკა ჭანტურია შეუცდომლად იდგა.
გურამ გიორბელიძე (დილა) – როგორც ყოველთვის, გიორბელიძე მარცხენა ფლანგს სრულად აკონტროლებს და ბათუმელებთანაც ასე იყო.
ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – ძირითადში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულმა ვაგნერ გონსალვეშმა “ტორპედოსთან” 2 საგოლე პასი გააკეთა.
დათო კირკიტაძე (სიონი) – ბოლნისის “სიონს” 20 ქულა დაუგროვდა და ლიდერებს დაეწია. ამაში უდიდესი წვლილი კი დათო კირკიტაძეს მიუძღვის, რომელმაც გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიას” 87-ე წუთზე გაუტანა და 3 ქულა მოიტანა.
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი) – სამურკასოვმა “დინამოსთან” გოლი და ასისტი დადო.
რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი) – ინჯგია შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა, 77-ე წუთზე “ლოკოს” მე-2 ბურთი შეაგდო, 90-ე-ზე კი სიხარულიძეს უზომოდ ზუსტი პასი გაუკეთა და სიხარულიძემაც მარტივად შეასრულა.
დიდიე კოუგბენია (დილა) – კოუგბენია “დილას” ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 76-ე წუთზე ერთადერთი გამარჯვების გოლი გაიტანა.
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – მე-13 ტურში თავდამსხმელებიდან სწორედ სიხარულიძე გამოვარჩიეთ. თბილისურ დერბიში სიხარულიძე პირველ ბურთზე კარგად იბრძოდა და შეხვედრის ბოლოს კი ფენტეზის მოთამაშეებს 6 ქულის ჩაწერაშიც დაეხმარა.