ზაალ ჩაჩავა და კახა ჩხეტიანი: “მსგავსი რამ არასდროს მომხდარა”
ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა, ზაალ ჩაჩავამ ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა და უარყო ბრალდება, თითქოს მან კახა ჩხეტიანს მატჩების გაყიდვა შესთავაზა.
ზაალ ჩაჩავა: “ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი იყო ასეთი – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე.
აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო.
მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას.”
კახა ჩხეტიანი: “ტელეკომპანია “მაესტროს” დღევანდელ ეთერში გარიგებული მატჩებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავიდა, სადაც სხვადასხვა სტუმრები იყვნენ მიწვეულნი.
გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო.
ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა…”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სუსმა მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 11 ფეხბურთელი დააკავა. დაკავებულთა შორის “ვიტ ჯორჯიას”, “ჭიათურას” და “გურიას” ფეხბურთელები არიან.
“ტორპედოში” დღეს ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და გუნდი დაშლის პირას დგას.