პოჩეტინო: “ფინალში თავისუფლად უნდა ვითამაშოთ, როგორც რვა-ცხრა წლის ბავშვებმა”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის გეგმაბზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს ლიგის ფინალში “ტოტენჰემი” და “ლივერპული” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
“რა თქმა უნდა, ყველას გამარჯვება უნდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული რამ არის. ჩვენ სრულად მზად ვართ ამ მატჩისთვის. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ. რაც მთავარია, ამით უნდა ვისიამოვნოთ.
“ლივერპულს” ბრწყინვალე გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, “სიტისთან” ერთად ინგლისში საუკეთესოა. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის და ლიგაზეც შესანიშნავად გამოდიოდნენ. ეს ყოველივე იურგენ კლოპის დამსახურებაა, ფანტასტიკური მწვრთნელია…
ჩვენ მხოლოდ მოგება გვჭირდება, გვინდა, რომ ისტორია დავწეროთ. მთავარია თავისუფლად ვითამაშოთ, როგორც რვა-ცხრა წლის ბავშვებმა. ზეწოლას თავი უნდა დავაღწიოთ, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი გვიყურებს.
იურგენი ფანტასტიკური სპეციალისტია, ის ფინალში მესამედ ითამაშებს, რაც დიდებული მიღწევაა. ის ყოველთვის ბედნიერია, რაც მას ძლიერს ხდის,” – აცხდებს არგენტინელი სპეციალისტი.