ეროვნული ლიგა: მე-17 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ბათუმის “დინამო” ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა, “ვიტ ჯორჯიამ” ზედიზედ 5-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და “ტორპედო” 3-0 გაანადგურა. “დინამომ” “დილა” დაამარცხა, “საბურთალო” – “ჩიხურა”, “სიონი” და “ლოკომოტივი” უგოლო ფრეებით დასრულდა. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ.
დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) – “საბურთალოს” წინააღმდეგ დინო ჰამზიჩმა მარტო ლადო დვალიშვილს 4 რთული ბურთი აუღო. ჰამზიჩმა უამრავჯერ გადაარჩინა გუნდი და უკვე მე-8-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც რეკორდია.
ალეფ სანტოსი (დინამო ბთ) – ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა საშინელი დებიუტის შემდგომ ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა და “რუსთავის” წინააღმდეგ ოსტატურად გამოიყურებოდა.
აბდილ მეჯუბი(დინამო თბ) – შესაძლოა, “დინამომ” 2 გოლი გაუშვა, მაგრამ მეჯუბმა სანაცვლოდ 1 გაიტანა და დაცვის ლიდერია.
ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი) – “ლოკომოტივმა” ზედიზედ მე-4 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი და ამაში კაპიტანს დიდი წვლილი მიუძღვის.
გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ) – ნავალოვსკის დამატებამ ბათუმელებს კიდევ უფრო მეტი თავდაჯერება შეჰმატა და ნავალოვსკი დაცვაში და შეტევაში ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს.
გიორგი გაფრინდაშვილი (ვიტ ჯორჯია) – 23 წლის გაფრინდაშვილმა, შესაძლოა, “ვიტ ჯორჯიაში” მისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გაფრინდაშვილმა “ტორპედოსთან” 2 საგოლე პასი დადო.
ლევან შენგელია (დინამო თბ) – შენგელია თბილისელთა საუკეთესო ფეხბურთელია. ლევანმა “დილას” დუბლი შეუსრულა.
ვაკო თევდორაძე (დინამო ბთ) – თევდორაძის შემოსვლის შემდეგ ბათუმელებმა მოუმატეს შეტევაში და საბანაძესთან შესანიშნავი საგოლე კომბინაცია გაითამაშა.
კახაბერ კაკაშვილი (ვიტ ჯორჯია) – კაკაშვილმა შეძლო და “ტორპედოსთან” ცენტრზე კონტროლი დაამყარა.
ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია) – დიახ, მე-17 ტურში “ფარმაცევტთა” ერთბაშად 3 ფეხბურთელი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. 19 წლის მუსელიანმა “ტორპედოს” საბოლოო ანგარიში დაუფიქსირა.
ნიკოლოზ საბანაძე (დინამო ბთ) – საბანაძეს გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მე-2 სუნთქვა გაეხსნა და 90 წუთის განმავლობაში მოედანზე შეუსვენებლივ დარბოდა. ნიკამ “რუსთავს” გამარჯვების გოლი გაუტანა და ბევრი მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს.