გიორგი რეხვიაშვილი “საბურთალოში” დაბრუნდა
გიორგი რეხვიაშვილი “საბურთალოში” დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის მცველი “საბურთალოს” ღირსებას 2018–2019 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად შარშან საქართველოს ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც ბერძნულ “ლევადიაკოსს” მიაშურა.
რეხვიაშვილმა “საბურთალოსთან” კონტრაქტი “1+1” სქემით გააფორმა.
“სამედიცინო შემოწმება გავიარე. მოხარული ვარ, რომ ჯანმრთელად ვარ. დავბრუნდი კლუბში, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. 2018 წელს სწორედ “საბურთალოს” შემადგენლობაში გავხდი ქვეყნის ჩემპიონი. გასულ წელს დაძაბული პირველობა იყო, მიზანი ჩემპიონობა და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში იყო, რაც შევასრულეთ. “საბურთალო” ჩემთვის უცხო არაა, ვიცი კლუბის მიზნები და გეგმები. ვიდრე საბერძნეთში ვთამაშობდი, სისტემატურად ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატს. “საბურთალო” აგრძელებს წარმატებით ასპარეზობას. ვეცდები, გუნდის წინსვლაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო და დავეხმარო როგორც ჩემპიონობის მოპოვებაში, ასევე ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლაში”, – ციტირებს რეხვიაშვილის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.