ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ვაისს უნდა გამოეძახებინა
საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი (პაპუნაშვილი, ნავალოვსკი, კვირკველია, მჭედლიძე) ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მხოლოდ გუშინ შეძლო გიორგი აბურჯანიამ საქართველოში ჩამოსვლა და მომდევნო მეტოქე გიბრალტარის ნაკრებია, რომელსაც “დინამო არენაზე” ვეთამაშებით და მისი ვერ დამარცხება ყველანაირად წარმოუდგენელი მოჩანს. რამდენიმე დღის შემდეგ კი “დანიას” დავუპირისპირდებით. წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში თავი გამოიჩინეს და ვლადიმერ ვაისისგან შანსი დაიმსახურეს.
5. მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი)
ბათუმის “დინამოს” კაპიტანი მიხეილ ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ალავიძემ ამ ხნის განმავლობაში ულამაზესი სეივებით დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი და ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.
4. გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
“საბურთალოს” კაპიტანმა ეროვნული ლიგის 17-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალური მცველია. 2 წელზე მეტია, რაც მარგველაშვილი სტაბილურად და საიმედოდ გამოიყურება.
3. ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო)
იმ ფონზე, როდესაც ნაკრებს ყველაზე მეტად შეტევაში უჭირს და ზივზივაძე კარგ ფორმაში შევიდა 10 გოლით, ბუდუს გამოყენება თავდასხმის ხაზში პრობლემების მოგვარების ადეკვატური მცდელობა იქნებოდა.
2. ლევან შენგელია (დინამო თბილისი)
პირველ 2 შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ნაკრებს ინდივიდუალისტი ფეხბურთელები აკლდა, რომლებთაც საჭირო მომენტში თამაშის თავის თავზე აღების ძალა გააჩნიათ. შენგელია სწორედ ასეთი მოთამაშეა და ეროვნულ ლიგის ყველა სხვა ფეხბურთელზე ამ კუთხით ერთი თავით მაღლა დგას.
1. ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო)
საქართველოში დაბრუნებულმა ლაშა შინდაგორიძემ “Beast Mode” ჩართო და 10 გოლი გაიტანა. შინდაგორიძე გოლების მანქანად გარდაიქმან და როგორც ყოველთვის, დაცვაშიც მაგრად ირჯება. დროა, ვაისმა ეროვნული ლიგისკენაც გამოიხედოს.