საქართველოს ნაკრებმა საშინაო კედლებში გიბრალტარი დამაჯერებლად დაამარცხა
7 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა შედგა საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ტაიმის პირველ ოც წუთში საქართველოს ნაკრები ტოტალურ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. ამ პერიოდში მეტოქის კარში ერთადერთი დარტყმა ვატო არველაძემ განახორციელა.
ტაიმის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ნაკრების შეტევებში სიმწვავემ იმატა, რაც ძირითადად მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელების დამსახურება გახლავთ. 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ და ხარაბაძემ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს კარგად გაითამაშეს ბურთი, რასაც ვაკო გვილიას ზუსტი დარტყმა მოყვა და ანგარიშიც გაიხსნა. ტაიმის მიწურულს თავისი შანსი შეექმნა გიბრალტარის ნაკრებსაც, თუმცა გიორგი ლორიამ უოკერის დარტყმას მოწოდების სიმაღლეზე დახვდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ჩვენთვის არასასიამოვნოდ დაიწყო – ტრავმის გამო მოედანი დატოვა ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიამ. ნაკრებმა შეტევები გიორგი პაპუნაშვილთან ერთად განაგრძო, რომელმაც შეხვედრიდ მე-60 წუთზე გოლის შეგდებაც შეძლო.
ორი გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები სივრცეებს უფრო მეტად ტოვებდნენ, რის ხარჯზეც არაერთი მომენტი შეიქმნა. 76-ე წუთზე ვატო არველაძის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად სწორედ ვატომ გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დაააფიქსირა – 3:0.
GFF.GE-ს ფოტო