“ახლა უკვე იცით, რომ “რეალში” გადავდივარ” – ედენ აზარის წერილი
მადრიდის “რეალში” გადასულმა ედენ აზარმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. ბელგიელმა ფეხბურთელმა “ჩელსის” და მის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“ახლა უკვე იცით, რომ “რეალში” გადავდივარ. საიდუმლო არ არის, რომ ამ კლუბში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და იმედი მაქვს, გამიგებთ, რომ ჩემი ახალი თავგადასავალი უნდა დავიწყო. როცა ოცნების ასრულების შანსი გაქვს, ამას ყველა ჩვენგანი გააკეთებდა. “ჩელსის” დატოვება ყველაზე დიდი და ურთულესი გადაწყვეტილებაა ჩემი კარიერის მანძილზე. მინდა, გითხრათ, რომ “ჩელსიში” გატარებული თითოეული მომენტი მიყვარს და სხვა კლუბში წასვლის ვარიანტი არც კი განმიხილავს.
მხოლოდ 21 წლის ვიყავი, როცა “ჩელსიში” გადმოვედი, აქ კი როგორც კაცი და როგორც მოთამაშე, გავიზარდე. თქვენ დამეხმარეთ იმაში, რომ ბელგიის ნაკრების კაპიტანი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, იყო რთული მომენტები, როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისათვის, ეს პროფესიონალური ფეხბურთია. თუმცა, ფეხბურთი ჩემთვის ბურთთან ფეხით შეხება, თამაში და ყველა მომენტით სიამოვნებაა.
მაშინაც კი, როცა კარგად ვერ ვთამაშობდით, ბოლომდე ვიხარჯებოდი, ეს კი თქვენი საოცარი მხარდაჭერის დამსახურებაა. საბრძოლო სული, მოგების სურვილი და არდანებება “ჩელსის” კულტურის ნაწილია, რომელიც თქვენგან მოდის.
როცა ვფიქრობ “ჩელსის” რიგებში გატარებულ განსაკუთრებულ მომენტზე, ასეთი ბევრი იყო. იღბლიანები ვართ, რადგან იმაზე მეტი მოვიგეთ, ვიდრე წავაგეთ. მოგონებები ყოველთვის ნათელი იქნება იმ ატმოსფეროდან გამომდინარე, რასაც თქვენ ქმნიდით. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად ვიყავით – აშშ-ში ტურზე, სანდერლენდში სამშაბათს, ღამით, რუსეთში ხუთშაბათს – თქვენ ყოველთვის გვერდით გვედექით.
ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი. ჩვენ, როგორც ოჯახმა, მოვიგეთ ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ევროპის ლიგა და პრემიერ ლიგა.
“ჩელსი” და მისი ფანები ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. მომდევნო სეზონში, პირველ რიგში, თქვენ შედეგებზე ვინერვიულებ. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს შევხვდებით.
სანამ წავალ, კლუბში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობას გადავუხდი. მადლობა ყველა ჩემ ყოფილ კოლეგას. მადლობა ბატონ ამბრამოვიჩსა და კლუბის ბორდს, ისინი ორი ოცნების ასრულებაში დამეხმარნენ – გავხდი “ჩელსის” ფეხბურთელ და დღეს “რეალის” ფეხბურთელი ვხდები.
თითოეულ თქვენგანს ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ.
ედენი” – ვკითხულობთ აზარის წერილში.
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ბელგიელი შემტევი 100 მილიონ ევროდ შეიძინა.