ხაბიბ ნურმაგომედოვმა საყვარელი საფეხბურთო კლუბი და ჩემპიონატი დაასახელა
UFC-ის მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მადრიდის “რეალს” გულშემატკივრობს, თუმცა აღნიშნა, რომ საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატად ინგლისის პრემიერ ლიგას მიიჩნევს.
“დიახ, მე “რეალს” ვგულშემატკივრობ. უბრალო ფანი არ ვარ, საკმაოდ კარგად ვიცნობ ფეხბურთის ისტორიას. ჩემთვის საუკეთესო ინგლისის პრემიერ ლიგაა. ყველაფერს ვადევნებ თვალს.
ინგლისური კლუბებიდან “ლივერპულს” გამოვარჩევ. ბავშვი ვიყავი, როდესაც 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვნახე “მილანის” წინააღმდეგ. დაღესტანში დიდ ეკრანზე იყო პირდაპირი ეთერი, ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი ამ თამაშის საყურებლად.
მაშინაც კი, როდესაც 3:0 მარცხდებოდნენ, მჯეროდა, რომ მოგება შეეძლოთ. ძალიან მომწონდა ის გუნდი. მილან ბაროში, ვლადიმირ შმიცერი, იონ-არნე რისე, სამი ჰიუპი, სტივენ ჯერარდი… გასაოცარი გუნდი ჰყავდა “ლივერპულს”.
“ლივერპულს” დღესაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ვადევნებდი თვალს მათი მონაწილეობით. ტუმცა, მე “რეალის” დიდი ფანი გახლავართ,” – აცხადებს ნურმაგომედოვი.