მამუკა კობახიძის წერილი “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ
ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა მცველმა, მამუკა კობახიძემ, რომელიც კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს, გუნდის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და ხალხს დაემშვიდობა.
“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს გუნდელებს. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასე კარგად და კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია. გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელმაც ბევრი კარგი და საინტერესო რამ შეჰმატა ეროვნულ ლიგას. სტადიონს მიღმა კი დიდი საძმაკაცო, რომელიც სამუდამოდ დამრჩება.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებთანაც ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისინი გუნდიდან წასვლის შემდეგაც ჩემს მეგობრებად დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა პრესსამსახურს, ბაზაზე და გუნდში მომუშავე მთელს პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. ის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის დამეხმარა გადაწყვეტილებები ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო.
“ტორპედოს” როლი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფორმაციის “ტორპედოს” სახელით მოედანზე გამოსვლა.
და ბოლოს, არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშის როლს გვისრულებდნენ ყველა თამაშზე. მითამაშია სხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და ამ ქალაქის გულშემატკივარს ყოველთვის გამოვარჩევ. აქ ნამდვილად სხვანაირად და გამორჩეულად უყვართ ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით თავიანთი ფეხბურთელები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2018 წელს, როგორც მთლიანად გუნდის, ისე ჩემს ინდივიდუალურად მიღწეულ წარმატებებში.
პირველად მიჭირს დამშვიდობება. გუნდიდან როგორც მოთამაშე მივდივარ, კარიერაში ვიწყებ ახალ ეტაპს, ახალი გუნდით და გამოწვევებით, მაგრამ “ტორპედოს” გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე. !