დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივნისი
“მანჩესტერ სიტი” და “იუვენტუსი” კულიბალის არ ეშვებიან
Tuttosport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” ხელმძღვანელებისგან მიღებული არაერთი უარის მიუხედავად, “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსის” უფროსები კულიბალის ტრანსფერს არ ეშვებიან.
სენეგალელი ცენტრალური მცველი, რომელსაც ნეაპოლიტანელები მინიმუმ 100 მილიონად აფასებენ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროშიც გახლავთ მოქცეული.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სანჩესს იტოვებს
ბრიტანულ პრესაში მტკიცედ სჯერათ, რომ ჩავარდნილი სეზონის მიუხედავად “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან ალექსის სანჩესს “ოლდ ტრაფორდზე” დარჩენის უფლება მისცენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი ამჟამად ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაში მონაწილეობს. ბოლო მატჩში მისი გოლით ჩილემ ეკვადორის ნაკრების დამარცხება შეძლო.
სესენიონი იტალიაში გადაბარგებას გეგმავს
“ფულჰემის” ვარსკვლავი, რაიან სესენიონი ახალი გამოწვევების ძიებაშია. ამ უკანასკნელმა კლუბის ხელმძღვანელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარით უპასუხა. ამჟამინდელ ხელშეკრულებას კი ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.
როგორც ცნობილი ხდება, სესენიონის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს მილანის “ინტერია”. The Sun-ის ცნობით, თავად ფეხბურთელს ძალიან ხიბლავს იტალიაში თამაშის ვარიანტი.
კოუტინიო “ლივერპულის” ნაცვლად “პარი სენ-ჟერმენში”
უცხოური გამოცემები უარყოფენ ფილიპე კოუტინიოს “ლივერპულში” დაბრუნების შესაძლებლობას და ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარ კანდიდატად “პარი სენ-ჟერმენს” მიიჩნევენ.
არაა გამორიცხული, რომ ფილიპე კოუტინიო თავისივე თანამემამულის ტრანსფერში ჩაერთოს – საუბარია ნეიმარზე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პარიზის დატოვებაზე ფიქრობს.
დე ლიხტისთვის ბრძოლაში “იუვე” ფავორიტია
“აიაქსის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, მატიას დე ლიხტის მომავალი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. ამ ეტაპისთვის, დაწინაურებულ პოზიციაში ტურინის “იუვენტუსი” იმყოფება.
როგორც იცით, დე ლიხტი ერთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მიიწვია ტურინში. “ბებერი ქალბატონი” ტრანსფერისთვის 70 მილიონ ევროს ამზადებს.