დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივნისი
ლუკა ზარანდია ბელგიაში მიდის
დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს. პოლონური მედიის ცნობით, ზარანდიას ამჟამინდელმა კლუბმა “არკა გდინიამ” ბელგიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია, მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ კი 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი გაოფიციალურდება.
მუსა დემბელე “ლიონის” დატოვებას არ აპირებს
მუსა დემბელე, რომლის შეძენაც “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს, “ლიონის” დატოვებას არ აპირებს.
“კონტრაქტის ამოწურვამდე ოთხი წელი მაქვს დარჩენილი. მომდევნო სეზონში ისევ “ლიონში” ვიქნები”, – უთხრა დემბელემ Four Four Two-ს.
“მილანი” “რეალთან” მოლაპარაკებებს აგრძელებს
Gazetta dello Sport-ის ცნობით, “მილანი” დანი სებალოსის ორწლიან იჯარაზე მუშაობს. ნახევარმცველს “რეალის” დატოვება და უფრო მეტი სათამაშო დრო სურს, “როსონერი” კი მისით სერიოზულადაა დაინტერესებული. დიდი შანსია, ის უახლოეს ხანებში მილანურ კლუბში ვიხილოთ.
“ინტერი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” თანხაზე ვერ თანხმდებიან
მილანის “ინტერს” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს შეძენა სურს. მილანური კლუბი ბელგიელ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს იხდის, თუმცა მანჩესტერელები გაცილებით მეტს – 85 მილიონს ითხოვენ. ბრიტანული მედიის ცნობით, ლუკაკუს გუნდის დატოვება სურს.
ბუფონი “ვალენსიაში”?
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში “ვალენსია” ჯანლუიჯი ბუფონის დამატებას შეეცდება. ასევე, დაიწერა იმის შესახებაც, რომ ვეტერანი მეკარე, შესაძლოა, ინგლისში, “ლიდს იუნაიტედში” ვიხილოთ.