სანჩესი: “ყატარი მესისთან სელფის გადასაღებად არ ჩამოსულა”
ყატარის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა, არგენტინის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე მეტოქე გუნდი გააფრთხილა, რომ ყატარელები აქ ფოტოების გადასაღებლად არ ჩამოსულან.
“მართალია, რომ სამხრეთ ამერიკაში დიდად არ იცნობენ ჩვენ ნაკრებს, მაგრამ ფაქტია, რომ სუპერ-პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვიან.
არგენტინა ფავორიტია და ვალდებულიც არის, რომ მოიგოს. მაგრამ ჩვენ აქ მესისთან სელფის გადასაღებლად არ ჩამოვსულვართ. ვეცდებით საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გვაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს სანჩესი.
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ არგენტინასა და ყატარს 1-1 ქულა უგროვდებათ, პარაგვაი ორი ქულით მეორე პოზიციას იკავებს, კოლუმბია კი ექვსი ქულით პირველია.