ეროვნული ლიგა: მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის Fanebi.com-ის სიმბოლურ ნაკრებში ქუთაისის “ტორპედოს” 4 ფეხბურთელი მოხვდა. გუნდი, რომელიც, შესაძლოა, მალე დაიშალოს, “სიონს” 7-0 ამარცხებს. “ჩიხურას” შეუცვლელი მეკარე და “დინამოს” ახალგაზრდა ლიდერი. 2017 წლის დაბრუნებული ბომბარდირი და საბერძნეთიდან ჩამოსული რეხვიაშვილი. 3-5-2.
დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) – საჩხერის “ჩიხურას” მეკარე დინო ჰამზიჩი 8 მატჩიანი მშრალი სერიით ეროვნულ ლიგას თანალიდერობს. ჰამზიჩი, შესაძლოა, ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერია და “დინამოსთან” “ჩიხურა” უამრავჯერ გადაარჩინა. ნინუას დარტყმულის აღება შეუძლებელი იყო.
ლევან გეგეჭკორი (ტორპედო) – “სიონთან” მოგებულ შეხვედრაში გეგეჭკორმა გოლი გაიტანა და მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.
გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) – რეხვიაშვილმა დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე.
გურამ გიორბელიძე (დილა) – რეაქტიული მცველი “ვიტ ჯორჯიასთან” კვლავ გამორჩეული იყო.
ნიკა ნინუა (დინამო) – სეზონის წინ თბილისის “დინამო” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა, მათ შორის, ნიკა ნინუა არ იყო, რომელიც დღეს გუნდის ნახევარდაცვის შეუცვლელი ლიდერია. ნინუამ ჰამზიჩს ჯარიმიდან აუღებელი დაურტყა და 3 ქულა მოიპოვა.
ალვინ ფორტესი (დილა) – ფორტესმა “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ 2 საგოლე პასი გააკეთა.
მერაბ გიგაური (ტორპედო) – გიგაურმა “სიონთან” 2 ასისტი დადო და მათე ცინცაძის არყოფნაში, ნახევარდაცვას აკონტროლებდა.
ზაზა ციცქიშვილი (რუსთავი) – ციცქიშვილი მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და “ლოკომოტივის” მეკარეს, დემეტრე ბულისკერიას 500 წუთიანი მშრალი სერია დაუმთავრა.
ნოდარ ქავთარაძე (ტორპედო) – უსწრაფესმა ქავთარაძემ დუბლი შეასრულა და რუსეთში დაბადებულმა, რუსეთის მოქალაქეობის მქონემ, მატჩის დაწყებამდე ანტისაოკუპაციო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირს უკვე 8 გოლი დაუგროვდა და “რუსთავთან” პირველივე წუთზე გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – ბუდუ ნაკრებში! ზივზივაძემ “სიონს” 3-ჯერ გაუტანა და 19 შეხვედრაში 13-ჯერ გამოიჩინა თავი. ბუდუ ევროპის საშუალო დონის გუნდში თავისუფლად დაიმკვიდრებდა ადგილს.