ჯერარდი: “რეინჯერსში” ბედნიერი ვარ და “ლივერპული” მენატრება”
გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ გუნდში მუშაობით ბედნიერია და იქვე დაამატა, რომ “ლივერპული” ენატრება.
“როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ფული მნიშვნელოვანი არ არის. სამწვრთნელო საქმიანობის პირველი წელი მომეწონა და აქ მუშაობით ბედნიერი ვარ. ვცდილობ, რომ გუნდი ახალ დონეზე გადავიყვანო. აქ ამბიციური და მწყურვალე მოვედი. მიღწეული პროგრესით ვამაყობ, თუმცა მესმის, რომ შეჩერება არ შეიძლება.
როდესაც “ლივერპული” დავტოვე, ჩემს ცხოვრებაში დიდი სიცარიელე გაჩნდა. გულწრფელად გეტყვით, ამ კლუბში თამაში მენატრება. ვერ გეტყვით, რამდენი გუნდის გაწვრთნა მსურს, თუმცა ერთ რამეს გადაჭრით ვამბობ – “რენჯერსში” ბედნიერი ვარ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “დეილი რეკორდი”.
გავრცელებული ინფორმაციით, სტივენ ჯერარდის კანდიდატურა “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიაზრებოდა, თუმცა ინგლისელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა.