“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟვანია ნაკრებში არ გამოიძახეს
უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ინგლისური “უოსპსის” ბურჯის, ზურაბ ჟვანიას ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეყვანას არ აპირებდნენ. ეს ინფორმაცია დღეს თავად 27 წლის მორაგბემ დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისათვის, მადლობა დაფასებისათვის, გულშემატკივრობისთვის… სამწუხაროა, რომ წელს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები. მინდა, იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა. ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მოხდა კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო.
ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ. ჩემ ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, სხვა ქვეყნიდან. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემ მეგობრებს საქართველოს ნაკრებში. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის. დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა უკანასკნელი ვიყო და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემ სიტუაციაში.
საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის. მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან. მინდა, საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ”, – აცხადებს ჟვანია.
ზურაბ ჟვანია “უოსპსში” 2018 წლის ზაფხულში ფრანგული “სტად ფრანსედან” გადავიდა. მისთვის ინგლისის პრემიერშიფში ჩატარებული პირველი სეზონი წარმატებული გამოდგა, რაც მის ეროვნულ ნაკრებში არგამოძახებას კიდევ უფრო უცნაურს ხდის.
ჟვანიას “ბორჯღალოსნებში” დებიუტი 2015 წელს ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.