დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 ივნისი
“ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი” კანსელოსთვის იბრძვიან
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველის, ჟოაო კანსელოს შეძენა “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტის” სურთ. ტურინული კლუბი ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს.
“ბარსელონა” რიკარდო როდრიგესის ტრანსფერით ინტერესდება
“მილანის” მცველი რიკარდო როდრიგესი კატალონიური “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში გახლავთ მოქცეული. როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანა” როდრიგესს დაცვის მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბას პოტენციურ კონკურენტად განიხილავს.
როგორც ცნობილი ხდება, კატალონიური გრანდი უკვე დაუკავშირდა “მილანის” ხელმძღვანელობას 26 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე. თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერაც არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდა “ბეტისის” მცველის, ფირპოს, გადაბირებას, თუმცა ტრანსფერი მაღალი ფასის გამო ჩაიშალა.
“მანჩესტერ იუნაიტედს” რაკიტიჩის შეძენა სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ივან რაკიტიჩს პოლ პოგბას შემცვლელად მოიაზრებს, ამიტომ მას ხორვატი ნახევარმცველის გუნდში ხილვა სურს.
მანჩესტერულმა კლუბმა “ბარსელონას” რაკიტიჩის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო აქამდე უკვე შესთავაზა, მაგრამ მაშინ კატალონიელებმა წინადადება უარით გაისტუმრეს.
მანოლასმა “ნაპოლისთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა
“რომას” მცველმა, კოსტას მანოლასმა “ნაპოლისთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. Sky-ს ცნობით, ახლა ჯერი კლუბებზეა, მათი შეთანხმების შემდეგ კი ბერძენი ფეხბურთელი ნეაპოლელთა მაისურს მოირგებს.
“პსჟ” ბონუჩით დაინტერესდა
“პარი სენ-ჟერმენი” ტურინის “იუვენტუსის” მცველ ლენარდო ბონუჩით დაინტერესდა.
Goal-ის ცნობით, პარასკევს პარიზული კლუბის წარმომადგენლები იტალიელი ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და “იუვენტუსში” ბონუჩის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. უცხოური პრესის თანახმად, “პსჟ” მზად არის, იტალიელ მცველს წელიწადში ათი მილიონი ევრო გადაუხადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბებერი სინიორა” უახლოეს პერიოდში ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტან მატეის დე ლიხტს დაიმატებს, რის შემდეგაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ლეონარდო ბონუჩის ადგილი საეჭვო გახდება. გარდა ამისა, “ბიანკონერი” “სასუოლოდან” მერიჰ დემირალის გადმობირებას ცდილობს.