მორიგი დაპირისპირება ქართულ ძიუდოში – ბაინდურაშვილმა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
ქართულ ძიუდოში სიტუაცია ჯერ კიდევ ვერ დალაგდა, რისი დასტურიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტია. მაშინ, როდესაც საქართველოს ძიუდოს ნაკრების ნაწილი მინსკიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა. ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა გიორგი ბაინდურაშვილმა 21 წლის ძიუდოისტს, ლუკა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის დროს ბაინდურაშილი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტიც ადასტურებს. გიორგი ათაბეგაშვილმა ტელეკომპანია მაესტროსთან კომენტარი გააკეთა:
“მოხდა ალკოჰოლის დოზის იმაზე მეტად მიღება, ვიდრე შეიძლებოდა. იყო დისციპლინარული გადაცდომა. უახლოეს მომავალში გვექნება სხდომა და შიდაგანაწესიდან გამომდინარე, გადაწყდება, ვის რა სასჯელი ელის – საყვედური, შენიშვნა თუ ა.შ. დაპირისპირება არ ყოფილა, ეს ყველაფერი ალკოჰოლის ზედმეტმა დოზამ გამოიწვია”, – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა.
ამ საკითხზე კომენტარი თავად ინციდენტში მონაწილე გიორგი ბაინდუროვმაც გააკეთა.
“არაფერი არ მომხდარა საერთოდ. შელაპარაკება იყო, მეტი არაფერი”, – უთხრა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ მინსკის ევროპულ თამაშებს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.