დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა დავიდ დე ხეამ გუნდში დარჩენის მზადყოფნა გამოთქვა.
28 წლის მეკარეს “წითელ ეშმაკებთან” გაფორმებული მოქმედი კონტრაქტი 12 თვის შემდეგ ეწურება და ამ გარემოების გამოყენება ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა სცადა, რომელმაც თავისი კლიენტისთვის ხელფასის მომატება მოითხოვა.
“დეილი მირორის” ცნობით, დავიდ დე ხეას ყოველკვირეული ჯამაგირი 350 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. ახალი შრომითი ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაფორმდება.
დავიდ დე ხეამ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და შვიდ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, თუმცა ესპანელს ოთხი უხეში შეცდომა დაუთვალეს, რაც მისთვის ნისლიან ალბიონზე ასპარეზობის ამ რვაწლიან პერიოდში ყველაზე ცუდი შედეგია.