დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 7 ივლისი
აკე, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტიში” ვიხილოთ
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთის” მცელის, ნათან აკეს შეძენაზე ფიქრობს. იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერული კლუბი ჰარი მაგუაირის დამატებას ვერ შეძლებს, მაშინ ისინი აკეზე გადაერთვებიან.
Mirror-ის ცნობით, აკეს ფასი 40 მილიონი ფუნტია.
იკარდი “ატლეტიკოში”?
“ინტერის” თავდამსხმელის, მაურო იკარდისათვის ბრძოლაში მადრიდის “ატლეტიკოც” ჩაერთო. მილანური კლუბი არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
ამავდროულად, ცნობილია, რომ იკარდის შეძენით “იუვენტუსი” და “ნაპოლიც” ინტერესდებიან.
“იუვენტუსი” პოგბას სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს იხდის
ტურინის “იუვენტუსი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” პოლ პოგბას სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ყველასათვის ცნობილია, რომ ფრანგ ნახევარმცველს “იუნაიტედის” დატოვება სურს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ გარკვეული არ არის.
კულიბალი “ნაპოლიში” რჩება
იტალიელი ჟურნალისტის, აურელიო კაპალდის ინფორმაციით, კალიდუ კულიბალი ზაფხულში “ნაპოლის” დატოვებას არ გეგმავს.
როგორც ცნობილია, ნეაპოლელთა მცველის შეძენა ინგლისურ გრანდებს სურთ.
დე ხეამ გადაწყვეტილება მიიღო
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა დავიდ დე ხეამ გუნდში დარჩენის მზადყოფნა გამოთქვა.
28 წლის მეკარეს “წითელ ეშმაკებთან” გაფორმებული მოქმედი კონტრაქტი 12 თვის შემდეგ ეწურება და ამ გარემოების გამოყენება ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა სცადა, რომელმაც თავისი კლიენტისთვის ხელფასის მომატება მოითხოვა.
“დეილი მირორის” ცნობით, დავიდ დე ხეას ყოველკვირეული ჯამაგირი 350 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება, რითაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება. ახალი შრომითი ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით გაფორმდება.