დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 ივლისი
“მილანი” ლოვრენის შეძენაზე ფიქრობს
Tuttosport-ის ცნობით, შესაძლოა, ზაფხულში “მილანმა” “ლივერპულის” ცენტრალური მცველი, დეიან ლოვრენი შეიძინოს. მერსესაიდული კლუბი ხორვატი მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.
ბიძინა მახარობლიძე “ლოკომოტივში” ითამაშებს
საჩხერის “ჩიხურას” მიმდინარე სეზონის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბიძინა მახარობლიძე ტოვებს. Fanebi.Com-ის ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს.
როგორც იცით, საჩხერლები უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის “ფოლასთან” სათამაშოდ ემზადებიან. მახარობლიძე გუნდთან ერთად ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობდა, მას ბოლომდე გამოსაჯანმრთლებლად დრო კიდევ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მახარობლიძემ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ხამესი “ატლეტიკოში”?
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის შეძენას მადრიდის “ატლეტიკოც” შეეცდება. გამოცემა AS-ის ცნობით, კოლუმბიელი ნახევარმცველის დამატება დიეგო სიმეონეს სურს.
მადრიდის “რეალი” ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მილინკოვიჩ-სავიჩისთვის იბრძოლებს
Corriere Dello Sport-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად “ლაციოს” ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შესაძენად იბრძოლებს.
როგორც იცით, დიდია იმის შანსი, რომ მანჩესტერული კლუბი პოლ პოგბამ დატოვოს, ამიტომ “იუნაიტედი” ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს.
ელ შაარავი ჩინეთში გადავიდა
სტეფან ელ შაარავი ამიერიდან ჩინეთის სუპერ ლიგის კლუბის, “სანხაი შენჰუას” ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურმა კლუბმა მასში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. ამავდროულად, ცნობილია, რომ ელ შაარავი წელიწადში ხელფასის სახით 18 მილიონ ევროს მიიღებს.