დიეგო მარადონა ჟუნიორი ხამესს: “ნუ შეეხები 10 ნომერს!”
ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო მარადონა ჟუნიორმა განაცხადა, რომ მან ხამეს როდრიგესს “ნაპოლიში” გადასვლისაკენ არაერთხელ მოუწოდა.
როგორც იცით, დიდი შანსია, უახლოეს ხანებში ხამესი ნეაპოლელთა რიგებში ვიხილოთ. მისი დამატების დიდი სურვილი კარლო ანჩელოტის გააჩნია.
“ხამესის ფოტოებზე ყოველთვის ვტოვებ კომენტარს და მას ვეუბნები, რომ “ნაპოლიში” გადმოვიდეს. ერთხელ მან ჩემი კომენტარიც მოიწონა. მისი “ნაპოლიში” ხილვა ოცნებაა. მისი დონის ფეხბურთელს, რომელსაც ასეთი მარცხენა ფეხი აქვს, შეუძლია გუნდი უკეთესი გახადოს. მას მთელი ქალაქი შეეგებება და დარწმუნებული ვარ, “ნაპოლიში” მონაცემებს ბოლომდე გამოავლენს”, – უთხრა მარადონა ჟუნიორმა “მარკას”.
როგორც იცით, უფროსი მარადონა “ნაპოლის” ღირსებას 1984-1991 წლებში 10-ნომრიანი მაისურით იცავდა. მისი შვილი აცხადებს, რომ ხამესმა 10-ნომრიანი მაისური არ უნდა მიიღოს.
“ნუ შეეხები 10-ნომრიან მაისურს. ეს ჩვენი ოჯახის კერძო საკუთრებაა. ეს მამაჩემის ნომერია. როცა გუნდში იგუაინი მოვიდა, მაშინ ამბობდნენ, რომ 10 ნომერს ის მიიღებდა, შემდეგ ლორენცო ინსინიეზე საუბრობდნენ. თუ ეს ნომერი სამუდამოდ უქმდება, მაშინ მისი გამოყენების უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა უმცროსმა მარადონამ.
მარადონა ჟუნიორი ნეაპოლშია დაბადებული და იტალიის მოქალაქეა. ის ახლა იტალიის ერთ-ერთი ქვედა დივიზიონის ფეხბურთელია.