რომელი გუნდი გაძლიერდა ყველაზე მეტად ევროტურნირებისთვის?
4 ქართული გუნდი, თბილისის “საბურთალო”, თბილისის “დინამო”, საჩხერის “ჩიხურა” და ქუთაისის “ტორპედო” უახლოესი 2 თვის განმავლობაში ჩემპიონთა ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.
დღეს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, “საბურთალო” მოლდოვის “შერიფს” ესტუმრება და სასურველი შედეგის დაფიქსირებას ეცდება.
მთავარი მწვრთნელი, გია ჭიაბრიშვილი მუდმივად საუბრობდა, რომ ლეგიონერები მიუხედავად კარგი პირობების შეთავაზებისა, საქართველოში თამაშის სურვილს პრაქტიკულად არ გამოხატავდნენ და გუნდმაც სწორედ ამის გამო ლეგიონერების ჩამოყვანა ვერ მოახერხა.
“საბურთალომ” უკრაინელი გოლკიპერი, დენის შელიხოვი დაიმატა, თუმცა მან გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და დღეს მე-3 მეკარის სტატუსი აქვს. კლუბმა საზღვარგარეთ წასულებიდან ლაზარე კუპატაძე და გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნა. რეხვიაშვილის მთავარ კონკურენტი ლევან კაკუბავაა, რომელიც “ჩიხურან” გადმოვიდა და საყრდენ ზონაშიც თანაბრად კარგად თამაშობს.
საუკეთესო ტრანსფერი ჯერჯერობით ლაშა შინდაგორიძის დაბრუნებაა, რომელმაც 21 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა. დაბრუნდა გიორგი თევზაძეც, თუმცა 3 თამაშის ჩატარების შემდეგ საერთოდ არ გამოსულა მოედანზე.
თავდასხმის ხაზში თბილისელებმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი გაბედავა შეიმატეს, 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი, ინტერს გიც, თუმცა მას ბოლო 2 თვეა ტრავმა აწუხებს. მონტენეგროელმა ოგნიენ როლოვიჩმა ძალიან მაგრად დაიწყო, 5 გოლი პირველივე ტურებში შეაგდო, თუმცა შემდეგ გაჩერდა.
“საბურთალომ”, საერთო ჯამში, 9 ტრანსფერი განახორციელა, თუმცა, ფაქტია, საკმარისად არ გაძლიერებულა.
თბილისის “დინამო” ხვალ 21:00 საათზე პირველ შეხვედრას ანდორის “ერდოგანის” წინააღმდეგ გამართავს და აუცილებლად დიდი ანგარიშით გამარჯვება გვჭირდება.
“დინამო”, როგორც ყოველთვის, ყოველ წელს გუნდის რეორგანიზაციის იწყებს და სეზონის დასაწყისშიც, უამრავი ცვლილება მოხდა. “დინამომ” ახალგაზრდა ფეხბურთელები არენდით ეროვნულ ლიგაში გაათანათხოვრა, აქცენტი კი უცხოელებზე გააკეთა. ჩისკო მუნიოსი ესპანური დესანტით ჩამოვიდა, თუმცა დესანტის ეკიპაჟის 3 წევრი ქართულმა ფეხბურთმა “დინამო არენაზე” არ მიიღო.
25 წლის ესპანელი მეკარე, ხოსე პერალესი, შესაძლოა, საუკეთესო ტრანსფერად მივიჩნიოთ. პერალესმა სასტარტოში ადგილი ადვილად მოიპოვა და 20 მატჩში კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა. სიკაჩის ტრავმის შემდეგ სერგეი ლიტოვენჩეკო დაბრუნდა.
დღეს ვიქტორ მონხილი და აბდელ მეჯუბი წარმოადგენენ ცენტრალურ დაცვას. მარცხნივ გიორგი ქიმაძე დგას, რომელიც “ტორპედოდან” ახლახანს შეუერთდა დედაქალაქს. მარჯვენა ფლანგზე ნოდარ იაშვილია. უკრაინელი ოლექსდრან კაპლიენკო 3 კვირის წინ ჩამოვიდა თბილისში, თუმცა პირველივე თამაშში 39-ე წუთზე გამოცვალეს. სამწვრთნელო შტაბმა 17 წლის სუპერტალანტი, ირაკლი აზაროვი დააწინაურა.
გიორგი კუხიანიძე და გიორგი პაპავა “დინამოს” წლის დასაწყისში დაემატნენ. ნოდარ ქავთარაძე, არფანგ დაფე და მიხაილო შიშკა (საყრდენი ნახევარმცველი) “დინამოელები” 2 კვირის წინ გახდნენ.
შემადგენლობაში მხოლოდ 1 თავდამსხმელი, ლევან კუტალია ირიცხებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მათე კვირკვიაც გამოჩნდა.
“დინამომ” ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ მძლავრი ტრანსფერები განახორციელა და ქართული კლუბებიდან, ყველაზე მეტად გაძლიერებული ხვდება ევროტურნირებს.
ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობის მიხედვით საუკეთესო ქართული გუნდი გახლდათ, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა 2 კვირაში 10 ფეხბურთელი კახა ჩხეტიანს ხელიდან გამოსტაცა.
გიორგი ქიმაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, რიჩარდ ლუკა, ნოდარ ქავთარაძე, მერაბ გიგაური, თენგიზ წიქარიძე და ამბროსი ჩაჩუა.
სანაცვლოდ, “ტორპედომ” 8 ფეხბურთელი დაიმატა: ცოდნე ნადარაია, გიორგი გადრანი, ოთარ კობახიძე, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა, თამაზ ცეცხლაძე, დავით იონანიძე და ზაზა ციცქიშვილი.
ქუთათურებს პირველ ეტაპზე ყველაზე ძლიერი მეტოქე, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შეხვდათ და ჩხეტიანს თავიდან უწევს აწყობილი გუნდის გადაწყობა. ეს ფეხბურთელები ეროვნული ლიგის დონეზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, თუმცა შეთამაშება და ევროპული გამოცდილება აკლიათ.
სოსო ფრუიძის საჩხერის “ჩიხურა” ყოველ წელს, თითქოს, კიდევ უფრო სუსტდება, მაგრამ ყოველთვის გამორჩეულად კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ბოლომდე იბრძვის. წელსაც სწორედ ამას ველოდებით “ჩიხურასგან”, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით საგრძნობლად დასუსტდა. წავიდიდნენ გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლევან კაკუბავა – სწორედ ამ 3 ფეხბურთელზე იდგა “ჩიხურაც”, თუმცა ფრუიძემ მათი შეცვლა ეროვნულ ჩემპიონატში მეტ-ნაკლებად მოახერხა, ხოლო, ევროპაზე ხვალ გამოჩნდება.
“ჩიხურას” რიგებში ახალწვეულებიდან ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, თორნიკე მუმლაძე, გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე და მიხეილ ერგემლიძე ვიხილეთ. 9 გოლით საუკეთესო ბომბარდირი, ბიძინა მახარობლიძე 5 დღით ადრე ლუქსემბურგის “ფოლასთან” მატჩამდე “ლოკომოტივში” გადავიდა და მის ნაცვლად, რატი არდაზიშვილი 6 თვით გადმობარგდა.
ევროპა ლიგის მატჩამდე კვლავ ვიხილეთ სოსო ფრუიძის კომენტარი, წუხილი და თხოვნა, არასაკმარისი ფინანსებისა და ქართული გუნდებისგან ფეხბურთელების თხოვნის შესახებ, თუმცა წელსაც ვერცერთი მოხერხდა. საჩხერე ფრუიძისეული გამჭრიახობისა და საფეხბურთო ალღოს იმედზეა კვლავ.
“საბურთალოს” სტაბილურობა, “დინამოს” გაძლიერება, “ტორპედოსა” და “ჩიხურას” ჩხეტიანი-ფრუიძის კლასი. წინ ევროტურნირებია.
ფოტო: GFF