ფელის ვისენტე: “ვეცდებით განმეორებით მატჩშიც მსგავსი შედეგი დავაფიქსიროთ”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ ანდორულ “ენგორდანის” წინააღმდეგ მოპოვებული რეკორდული გამარჯვების (6:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“დღევანდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც ძალიან გვახარებს. მეტოქისადმი უდიდესი პატივისცემის გრძნობით, ვეცდებით განმეორებით მატჩშიც მსგავსი შედეგი დავაფიქსიროთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ მომავალ მეტოქეებზე ფიქრს.
რაც შეეხება განმეორებით მატჩში ჩვენ შემადგენლობას, ბოლო წუთამდე არ გვეცოდინება თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. ამ ერთი კვირის მანძილზე სათანადოდ უნდა შევაფასოთ თითოეული ფეხბურთელის ფორმა და ბოლოს მივიღოთ გადაწყვეტილებები.
მიღებული შედეგის გათვალისწინებით, შესაძლოა, ანდორაში გადახალისებული შემადგენლობითაც ვითამაშოთ. თუმცა, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით შემადგენლობის შესახებ.
რა თქმა უნდა, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ გუნდის რამდენიმე წევრი აცხადებს მზაობას პენალტის შესრულებაზე. ჩვენ გუნდში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულად ასრულებს თერთმეტმეტრიანს, მაგრამ არ გვყავს გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის შეასრულებს პენალტს. თერთმეტმეტრიანის წინ გადავწყვეტთ, თუ ვინ შეასრულებს მას.
თითოეული ახალწვეული ცდილობს, რომ ადაპტაციის პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. ვთვლი, რომ ეს პროცესი საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს, რაშიც კლუბის ყოველ წევრს მიუძღვის წვლილი.
სატრანსფერო ფანჯარა 18 ივლისამდე ღიაა და შესაძლოა, გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდეს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არსებული რესურსით კმაყოფილები ვართ,” – ვციტირებთ “დინამოს” მთავარი მწვრთნელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 ივლისს ანდორაში ჩატარდება.
ფოტო: დინამო თბილისი