დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივლისი
“იუვენტუსმა” პოგბასთვის ბრძოლა შეწყვიტა
Mail Online-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას, დაბრუნებისთვის წამოწყებული ბრძოლა შეწყვიტეს.
რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ “ოლდ ტრაფორდის” დატოვების მოსურნე პოლს ერთადერთ რეალურ ვარიანტად კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება რჩება.
ლაუტარუს აგენტი “ბარსელონას” ინტერესს ადასტურებს
კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშებაში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მხრიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საფეხბურთო სამყაროზე ლაუტარუ მარტინესმა დატოვა და ის უკვე მოექცა ევროპულ გრანდთა ინტერესთა სფეროში.
პრესაში გავრცელდა “ინტერის” თავდამსხმელის ინტერვიუ, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს “ბარსელონას” მხრიდან ლაუტარუს მიმართ ინტერესის არსებობას და ამავდროულად აღიარებს, რომ კატალონიელებს ჯერ მილანური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
ოფიციალურად: გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელია
კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბმა ანტუან გრიზმანთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტრანსფერი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 120 მილიონი ევრო დაუჯდება.
You were waiting for this. pic.twitter.com/vVR0Prmy0b
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 12, 2019
“მანჩესტერ იუნაიტედი” მილინკოვიჩ-სავიჩზე ფიქრობს
რამდენადაც, დღითიდღე იზრდება პოლ პოგბას “ოლდ ტრაფორდიდან” გადაბარგების შანსები, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე დაიწყეს მის პოტენციურ შემცვლელზე ფიქრი.
ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან 80 მილიონი ევრო გადაიხადონ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერში, რომელიც ამ დროისთვის რომის “ლაციოს” ღირსებას იცავს.
შკრტელი “რეინჯერსთან” მოლაპარაკებებს ადასტურებს
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, მარტინ შკრტელმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “რეინჯერსთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
34 წლის მცველს “ფენერბახჩესთან” არსებული კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა, რომ სტივენ ჯერარდის გუნდს შეუერთდეს.