რომელ ქართულ გუნდებს აქვთ ფინანსური პრობლემები?
ქუთაისის “ტორპედოში” არსებულმა ფინანსურმა კრიზისმა, რის გამოც, გუნდი 11-მა ფეხბურთელმა დატოვა, ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა პრობლემები წარმოაჩინა. განსაკუთრებით, კითხვები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მუშაობისა და ამ ფონდის მიერ გაცემული თანხის სწორად გამოყენების მიმართ გაჩნდა.
ფეხბურთის განვითარების ფონდი ეროვნული ლიგის თითოეულ გუნდს 1 მილიონ ლარს საბაზისო თანხის სახით ურიცხავს და ყველა გამარჯვებაზე და ფრეზე გარკვეული პრემიები გათვალისწინებული. ასევე, თუ გუნდი სპონსორს იპოვის, რომელიც, პირობითად, 100 ლარს დახარჯავს, ფონდიც დამატებით 100 ლარს გადაურიცხავს კლუბს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქუთაისის “ტორპედო” სწორედ ფინანსურმა კრიზისმა დაშალა. გუნდს გასულ სეზონში ყველაზე მეტი, 2 მილიონ 2 ათასი ლარი ჰქონდა ფონდისგან მიღებული, ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა უეფასგანაც, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლისთვის, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსან “ვიტ ჯორჯიას” 5 ფეხბურთელი თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობდა და მთავარ მიზეზად, გუნდში არსებული ფინანსური სიტუაცია დასახელდა. “ვიტ ჯორჯია” ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდიდა.
ძალიან სასიამოვნოა, როცა საჩხერის “ჩიხურა” მიუხედავად ყოველ წელს გუნდის დაშლა-აწყობისა, ევროტურნირებზე ყოველთვის ღირსეულად გამოდის, მაგრამ სოსო ფრუიძე მუდმივად ამბობს, რომ “ჩიხურას” გაძლიერების რესურსი არ აქვს და მოთამაშეებს ვერ დაიმატებს. რომ არა ფრუიძე, დღეს “ჩიხურას” მომავალი ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა.
ელიგის მე-2 ადგილოსანი საფეხბურთო გუნდი “შევარდენი 1906” ფინანსურ კრიზისშია და რამდენიმე თვეა ხელფასის დავალიანება დაუგროვდა. “შევარდენი” პრეზიდენტმა, გეგი კიკაბიძემ და მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ დატოვეს. უკანასკნელ მატჩში “გურიას” წინააღმდეგ, “შევარდენის” სათადარიგო სკამზე მხოლოდ 3 მოთამაშე იჯდა და ძირითადის 2 ფეხბურთელი ამ მატჩის შემდეგ წავიდა.
პრობლემები აქვს ლანჩხუთის “გურიასაც”, რომელიც 8 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. ფოთის “კოლხეთისთვის” FiFA-ს შესაძლოა 2 წლით ტრანსფერების გაკეთება აეკრძალა, თუმცა ბოლო წამს ფოთელებმა ბურკინა ფასოელ ლეგიონერს, პატერსონ კაბორეს დავალიანება დაუფარეს.
ამ ყველაფრის ფონზე, როცა ფეხბურთის განვითარების ფონდის დახმარების მიუხედავად, როდესაც ეროვნული ლიგა 1-ის ყველა გუნდს 1 მილიონი მხოლოდ საბაზისო თანხის სახით და ლიგა 2-ის ყველა გუნდს 700 ათასი ლარი მხოლოდ საბაზისო თანხის სახით ეძლევა, ნამდვილად დგება ფონდის მუშაობისა და კლუბების მიერ ამ ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა, თუმცა ფონდის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად პოსტი დატოვა და თბილისის “დინამოს” დირექტორად წავიდა.
ვინ იქნება შემდეგი?